შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 429-აპ 21 აპრილი, 2005 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ დ. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 აგვისტოს განაჩენი დ. შელიას მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 აგვისტოს განაჩენით დ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
განაჩენით დ. შ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 28 ნოემბერს, დაახლოებით 18 საათზე, დ. შ-მ წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში, რუსთაველის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით _ რევოლვერით შეიარაღებულმა და ნიღაბაფარებულმა, იარაღის მუქარით მოსთხოვა იქვე ქუჩაში მყოფ ზ. შ-ს “ვაზ-21093” მარკის ა/მანქანა, რომელსაც იგი მართავდა ღირებული 3700 აშშ დოლარად. მან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით აიძულა დაზარალებული ზ. შ., მიეცა მისთვის ა/მანქანა, იგი ჩაჯდა და გაიტაცა მისი ა/მანქანა, მაგრამ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მისი დანაშაულებრივი ქმედება შენიშნა პოლიციის თანამშრომელმა მ. ქ-მ და მოსთხოვა ა/მანქანის გაჩერება. დ. შ. არ დაემორჩილა მას, შეეცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალულიყო და მოუმატა ა/მანქანის სიჩქარეს. მ. ქ-მ თანნაქონი ტაბელური იარაღიდან ჰაერში მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა, მაგრამ დ. შ. ისევ არ დაემორჩილა მას და კვლავ შეეცადა მიმალვას, რის შემდეგ მ. ქ-მ ტაბელური იარაღიდან გასროლით დააზიანა ა/მანქანის მარჯვენა უკანა საბურავი. დ. შ-მ ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა ხეს. შეჯახების შემდეგ იგი გადმოხტა მანქანიდან და გაიქცა. ჩადენილი დანაშაულით მან დაზარალებულ ზ. შ-ს მიაყენა 1500 ლარის ზიანი. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად დ. შ. დააკავეს ქ. ჯვარის ტერიტორიაზე 19 საათსა და 30 წუთზე.
მსჯავრდებული დ. შ. საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მას განაჩენით შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, არის უდანაშაულო და ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ა-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და დ. შ-ს ბრალდების საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება მის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული დ. შ.. პროკურორმა მ. ჯ-მ კანონიერად მიიჩნია დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ დ. შელიას სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
პალატას სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნია მსჯავრდებულ დ. შ-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას ყაჩაღობა არ ჩაუდენია. უსაფუძვლოა ასევე ადვოკატ მ. ა-ს განმარტება იმის შესახებ, რომ თითქოს საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დ. შ-ს მიერ დანაშაულის ჩადენას. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
მსჯავრდებულ დ. შ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად არის დადასტურებული დაზარალებულ ზ. შ-ს ჩვენებებით, მოწმეების _ მ. ქ-ს, ბ. ქ-ს, მ. ჯ-ს, რ. ს-ს და სხვათა ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სწორად დაუდო ისინი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად.
ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ დ. შ-ს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, შესაძლებლად მიიჩნევს, რომ მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს:
მსჯავრდებულ დ. შ-ს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მუხლით შეფარდებული სასჯელი _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს და მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.