საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 443-აპ 7 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ თ. ფ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ა. ჩ-ს და თ. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 20 ივლისის განაჩენზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 მაისის განაჩენით თ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-5 ნაწილებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 10 დეკემბრიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2004წ. 29 ოქტომბერს, დაახლოებით 19 საათზე თ. ფ. მართავდა “გაზ-53” მარკის ავტომანქანას. ზუგდიდის რაიონის სოფ. ... დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის 1-5-ე ქვეპუნქტების მოთხოვნა, გამოიჩინა თვითიმედოვნება, სატვირთო ავტომანქანის ძარით გადაჰყავდა 8 მგზავრი და ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. აღმართზე ასვლისას ძრავა გამოირთო და ავტომანქანამ უკუსვლა იწყო. მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და რკინაბეტონის ხიდიდან ავტომანქანა ღელეში თავდაღმა გადავარდა. მგზავრები ძარის ქვეშ მოყვნენ, რის გამოც მიღებული დაზიანებით მ. ა. გარდაიცვალა. ლ. ვ-მ და ზ. ვ-მ მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე, ხოლო ნ. ვ-მ, გ. ვ-მ და შ. -მა კი _ ნაკლებად მძიმე დაზიანება.
მსჯავრდებულის ადვოკატმა მ. შ-მ განაჩენი გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ განაჩენიდან დამამძიმებელი გარემოების შესახებ მითითების ამორიცხვა და თავისუფლების აღკვეთასთან დაუკავშირებელი სასჯელის დანიშვნა.
დაზარალებულებმა შესაგებლებით ითხოვეს მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთასთან დაუკავშირებელი სასჯელის დანიშვნა. მათგან _ დ. ვ-მ და ზ. ვ-მ მიუთითეს, რომ თ. ფ-მ ისინი რამდენჯერმე გააფრთხილა, არ ასულიყვნენ ძარაზე, მაგრამ არ დაუჯერეს.
სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივლისის განაჩენით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს განაჩენიდან ამოირიცხა მითითება მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებაზე, სასჯელის ზომა შემცირდა 2 წლით და საბოლოოდ თ. ფ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო საჩივრით თ. ფ. და მისი ადვოკატები მოითხოვენ სსკ-ის 53-ე და 63-ე მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულისათვის სასჯელად 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პირობით, შემდეგი მოტივებით:
თ. ფ-ს არ სურდა, რომ მგზავრები ასულიყვნენ ავტომანქანის ძარაზე, ეწინააღმდეგებოდა მათ, მაგრამ ამაოდ. დაზარალებულებმა დაარღვიეს “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის 24-ე მუხლის 2-ე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, მგზავრებს ეკრძალებათ ძარაზე ან ბორტზე დგომა. მართალია, აღნიშნული თ. ფ-ს პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს, მაგრამ ამსუბუქებს ბრალს. მსჯავრდებულს არასდროს მოსვლია ავტოსაგზაო შემთხვევა. იგი არაა ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, არცერთ თვითმხილველ დაზარალებულს მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ძრავა მძღოლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოვიდა მწყობრიდან. მსჯავრდებული მომხდარის შემდეგ ბრალის აღიარებით ნებაყოფლობით გამოცხადდა და ხელი შეუწყო გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში, ინანიებს ჩადენილს და ითხოვს პატიებას, ჰყავს ავადმყოფი, შრომისუუნარო დედა, რომლის ერთადერთი მარჩენალია. დანიშნული სასჯელი აშკარად მეტისმეტად მკაცრია. განზრახვას ადგილი არ ჰქონია. მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საჭიროა მისი საზოგადოებისაგან იზოლაცია ახალი დანაშაულის აცილების ან სამართლიანობის აღსადგენად. საუბარიც კი ზედმეტია თ. ფ-ს რესოციალიზაციაზე. სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად დებულებათა დარღვევით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ არსებობს სასჯელის სხვა სახეებიც, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფენ მისი მიზნების მიღწევას.
სასამართლო პალატის სხდომაზე ადვოკატმა თ. ა-მა მიმოიხილა საქმეში არსებული მასალები და იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული თ. ფ..
სახელმწიფო ბრალმდებელმა რ. ჩ-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და იშუამდგომლა თ. ფ-ს მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიცია, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის მიხედვით, ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო აშკარად ლმობიერია. ამ შემთხვევაში თ. ფ-ს მიერ ჩადენილი ქმედების და დამდგარი მძიმე შედეგის მხედველობაში მიღებით, მისთვის პირობითი სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ მოიპოვება. ამასთან, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, წარსული ცხოვრების, მძიმე პირადი და ეკონომიკური მდგომარეობის და დანაშაულის შემდგომი ყოფაქცევის გათვალისწინებით შესაძლებელია, რომ თ. ფ-ს შეუმცირდეს სასჯელის ზომა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 20 ივლისის განაჩენი შეიცვალოს: თ. ფ-სათვის დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შემცირდეს 1 წლით და საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.