შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 13.01.2005
საქმის ნომერი
2კ-511დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 511-დად 13 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია

განიხილა მჯავრდებულ ა. ს. კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც ა. ს. 6 თვით გადაყვანილ იქნა საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე (ათვლა დაეწყო 2004წ. 23 ოქტომბერს).

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდი რაიონული სასამართლოს 1999წ. 23 აპრილის განაჩენით ა. ს-ს საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის მოხდა დაეწყო 1999წ. 23 თებერვალს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ 2004წ. 23 ოქტომბერს წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ ა. ს-ს საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ.

სასამართლომ წარდგინება განიხილა 2004წ. 29 ოქტომბერს და დადგენილებით მსჯავრდებული ა. ს. 6 თვით გადაყვანილ იქნა საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას. იგი მიუთითებს, რომ უკანონოდ იქნა გადაყვანილი საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე.

პალატის სხდომაზე, მსჯავრდებულ ა. ს-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ნ. ქ-მა ვრცლად მიმოიხილა კერძო საკასაციო საჩივრის შინაარსი და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. დ-მა კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატისა და პროკურორის პოზიციები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებით, რადგანაც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული ა. ს. არ ემორჩილება შინაგანაწესის მოთხოვნებს და თავისი ქმედებით ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია დაწესებულებაში. მსჯავრდებული ა. ს. არაერთხელ არის დასჯილი დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის. აქედან გამომდინარე, იგი სავსებით კანონიერად არის გადაყვანილი საპყრობილეს მკაცრ რეჟიმზე.

ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, რომ საპყრობილის პირობები, სხვა რეჟიმის დაწესებულებასთან შედარებით, ბევრად უფრო მკაცრია; ასევე, მხედველობაში იღებს ა. ს-ს მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის ხასიათს და თვლის, რომ მას საპყრობილეში მოთავსების ვადა _ 6 თვე _ უნდა შეუმცირდეს 4 თვემდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 612-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული ა. ს. 6 თვის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე, შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ა. ს-ს საპყრობილეში მოთავსების ვადა _ 6 თვე _ შეუმცირდეს 4 თვემდე.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.