განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 1-დად 27 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ს ადვოკატის ნ. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი ახმეტის რაიონული სასამართლოს 2004 წ. 5 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა ამავე რაიონის სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის განაჩენი მ. მ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. მ. ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლი პირველი ნაწალითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, ოჯახური უკმაყოფილების ნაიდაგზე თავისი მეუღლისათვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე ხმარებისათვის, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 წელი.
2004წ. 22 ივლისს იუტიციის სამინისტროს კახეთის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსმა წარდგინებით მიმართა ახმეტის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ მ. მ-სათვის პირობით მსჯავრის გაუქმებისა და ამავე რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ.
პრობაციის ბიუროს უფროსმა თავისი წარდგინება იმით დაასაბუთა, რომ მსჯავრდებული მ. მ., რომელსაც შეფარდებული აქვს პირობითი მსჯავრი 2 წლის გამოსაცდელი ვადით, მიუხედავად გაფრთხილებისა, ჯიუტად არიდებს თავს პრობაციის ბიუროში გამოცხადებას, წასულია თავისი საცხოვრებელი ადგილიდან, რის გამოც შეუძლებელია მის ყოფაქცევაზე კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელება.
წარდგინების საფუძველზე ახმეტის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 აგვისტოს დადგენილებით მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ ადგილსამყოფლის დადგენისა და მისი სასამართლოში წარდგენის მიზნით გამოცადდა ძებნა, ხოლო ამავე რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 5 ნოემბერს გააუქმა 2002წ. 31 ოქტომბრის განაჩენით მ. მ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და მიიღო დადგენილება დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ.
მჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ს. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს აღნიშნული დადგენილების გაუქმებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს-მა მხარი დაჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ მ. მ. თავს არ არიდებდა პირობითი მსჯავრის აღსრულებას, იგი იყო ავად და მკურნალობდა. მისთვის პრობაციის სამსახურს შეტყობინება სასამართლოში გამოცხადების თაობაზე არ გაუგზავნია. იგი მჟამადაც ავად არის და მკურნალობს, ოჯახში აქვს მძიმე ვითარება, ხოლო სასამართლოში არ გამოცხადდა იმ მიზეზით, რომ არ ჰქონდა მიღებული შეტყოინება.
პროცსში მონაწილე პროკურორმა ე. ტ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა კერძო საკასაციო საჩივარი და სხვა მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინება დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული მ. მ. 2003წ. 23 იანვარს გაეცნო რა პრობაციონერის უფლება-მოვალეობებსბ არ ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში და ჯიუტად თავს არიდებდა მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
“არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულები წესისა და პრობაციის შესახებ” კანონის მეოთხე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, პირის მიმართ გამოტანილი სასამართლო აქტის ძალაში შესვლის შემდეგ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პირობით მსჯავრდებულის გამოუცხადებლობა პრობაციის ბიუროში მის უფლება-მოვალეობათა გასაცნობად წარმოადგენს ბიუროს უფროსის მიერ ასეთი პირის მიმართ პირობითი მსჯავრვრის გაუქმების თაობაზე სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველს.
საქმეში არსებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ პირობითი მსჯავრის შეფარდების შემდეგ მსჯავრდებული მ. მ. სგამოცხადდა შესაბამის პრობაციის ბიუროში და გაეცნო ვალდებულებას პერიოდული გამოცხადების თაობაზე. რაც არ შეუსრულებია. როგორც მისმა დამცველმა განაცხადა, ამას ხელი შეუშალა მსჯავრდებულის ავადმყოფობამ და მძიმე ოჯახურმა ვითარებამ, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება პირობით მსჯავრდებულის მოვალეობისაგან ბოროტად თავის ამრიდებლად.
საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ ახმეტის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 31 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ მ. მ-ს შეუფარდა პირობითი მსჯავრი 2 წლის გამოსაცდელი ვადით. სასამართლომ განაჩენი პირობითი მსჯავრდების თაობაზე გააუქმა და მსჯავრდებულ მ. მ-ს რეალური სასჯელის მოსახდელად გაგზავნა დაადგინა 2004წ. 5 ნოემბერს, ე.ი. მას შემდეგ, როდესაც უკვე გასული იყო სასამართლოს განაჩენით დანიშნული გამოსაცდელი ორწლიანი ვადა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კანონს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ახმეტს რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 ნოემბრის დადგენილება უკანონოა, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ მ. მ-ს დამცველის _ ნ. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი.
გაუქმდეს ახმეტის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 ნოემბრის დადგენილება მ. მ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.