შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 24.02.2005
საქმის ნომერი
2კ-10კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.02.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 10-კოლ 24 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის _ ს. ფ-სა და ადვოკატ გ. ხ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 25 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც რ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით, რ. შ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ადრე არაერთხელ გასამართლებული იყო რა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის, არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა ახალი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. სახელდობრ, 2004წ. 15 მარტს ქ. მარნეულში, თავის საცხოვრებელ ბინაში, პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის დროს შარვლის ჯიბეში აღმოაჩნდა უკანონოდ შეძენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის _ 1,25 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინი”.

პროკურორის საკასაციო საჩივარი რ. შ-ს მიმართ შეფარდებულ სასჯელს _ ათი წლით თავისუფლების აღკვეთას _ მიიჩნევს აშკარად მსუბუქად შემდეგი მოტივებით: “სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ რ. შ-ს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, ადგილი აქვს განსაკუთრებით საშიში რეციდივის შემთხვევას, რის გამოც სასჯელის განსაზღვრის დროს მის მიმართ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლო იყო. ამასთან, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი, სიმსუბუქის გამო, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას”.

ადვოკატის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განაჩენის დადგენის დროს არ უნდა ეხელმძღვანელა დანაშაულის რეციდივის შესახებ საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული წესით. შესაბამისად ამისა, სასამართლოს არ სჭირდებოდა სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენება და ამის გარეშე შეეძლო რ. შ-სათვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეეფარდებინა კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი.

პალატის სხდომაზე პროკურორმა დ. მ-მა უკან გაითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივარი და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

ადვოკატმა გ. ხ-მა ითხოვა განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა ადვოკატის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გაითვალისწინა ის, რომ პროკურორმა გაითხოვა სახელმწიფო ბრალმდებლის საჩივარი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ რ. შ-მა უკანონოდ შეიძინა 1,25 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რაც განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება.

გამოძიებას რ. შ-სათვის ბრალი არ წარუდგენია რეციდიული დანაშაულის ჩადენისათვის, მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდა იმ ნიშნით, რომ მას 2002 წელს ჩადენილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ ამავე კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, მხედველობაში არ მიიღება იმავე 58-ე მუხლის მეორე ნაწილის წესი დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის განსაზღვრის თაობაზე.

ამდენად, სასამართლოს რ. შ-სათვის სასჯელის განსაზღვრის დროს არ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მეორე ნაწილით და, შესაბამისად, არც სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენება სჭირდებოდა.

გარდა ამისა, განაჩენის აღწერილობითი ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს მითითება იმის თაობაზე, რომ რ. შ. 1994წ. იანვარში გასამართლებული იყო იმ დროს მოქმედი სსკ-ის 252-ე მუხლის მესამე ნაწილით და 1996წ. დეკემბერში _ 252-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ორივე ეს ნასამართლობა რ. შ-ს გაქარწყლებული აქვს ხანდაზმულობით და სასჯელის განსაზღვრის დროს მათი მხედველობაში მიღება დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ საშეღავათო გარემოებების გათვალისწინებით, რომლებზედაც მითითებულია განაჩენში, პალატა შესაძლებლად მიიჩნევს რ. შ-ს სასჯელის ღონისძიებად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი _ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე უნდა გასწორდეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული მექანიკური შეცდომა სასჯელის მოხდის დაწესებულებასთან დაკავშირებით.

პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული იმის გამო, რომ ის გაითხოვა ზემდგომმა პროკურორმა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ადვოკატ გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 25 ნოემბრის განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

რ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით სასჯელის ღონისძიებად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლზე მითითების გარეშე. სასჯელი მოიხადოს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.