შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 17.05.2005
საქმის ნომერი
2კ-63აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 63-აპ 17 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ე. ხ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის განაჩენი ე. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის განაჩენით ე. ხ.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

განაჩენით ე. ხ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 1998წ. 9 ოქტომბერს, დაახლოებით 20 საათზე, ქობულეთის რაიონის სოფ. ... მთვრალმა დაარღვია მოძრაობის წესების მე-10, პირველი მუხლისა და 228-ე მუხლის მოთხოვნები. მამის _ რ. ხ-ს კუთვნილ ა/მანქანა “ზილ-130-ის” კაბინაში ჩაისვა ოთხი პირი, ხოლო ს. რ-ს დართო ნება, დამდგარიყო კაბინის გარეთა საფეხურზე. ე. ხ-მა ვერ უზრუნველყო ა/მანქანის სწორი მართვა და მარჯვენა მხრით შეეჯახა ნაძვის ხეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა კაბინის საფეხურზე მდგომი ს. რ.ე.

საკასაციო საჩივარი განაჩენს უკანონოდ მიიჩნევს, ითხოვს მის გაუქმებას და ე. ხ-ს მიმართ საქმის შეწყვეტას შემდეგი მოტივებით:

კანონით განსაზღვრული წესით დადგენილი არ არის შემთხვევის დროს ე. ხ-ს მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა;

არ არის დადგენილი ს. რ-ს სიკვდილის უშუალო მიზეზი, რადგან მისი გვამის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევა არ ჩატარებულა.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ე. ხ-მა და მისმა ადვოკატმა შეცვალეს საჩივრის მოთხოვნა. მათ მოითხოვეს ე. ხ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით პირობითი მსჯავრის შეფარდება.

პალატის სხდომაზე გამოცხადდა აწ გარდაცვლილ ს. რ-ს და _ მ. რ.. მისი განცხადებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ს. რ. გარდაიცვალა. იგი ადასტურებს, რომ მსჯავრდებულმა ე. ხ-მა მას გაუწია მატერიალური დახმარება 5000 აშშ დოლარის ოდენობით. მან მოითხოვა ე. ხ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

პროკურორმა დ. მ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი ე. ხ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა ე. ხ-მა სატრანსპორტო დანაშაული ჩაიდინა მთვრალმა და ამის დასადასტურებლად განაჩენს დაუდო საფუძვლად ის გარემოება, რომ ე. ., და თავისი თანაკლასელები, მათ შორის _ აწ გარდაცვლილი ს. რ., მთელი დღის განმავლობაში ერთად იყვნენ, ერთად ისადილეს და ღვინოც ერთდ დალიეს. პალატა თვლის, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ არის საკმარისი მსჯავრდებულ ე. ხ-ს სიმთვრალის დასადასტურებლად, მით უფრო, რომ თავად მსჯავრდებული კატეგორიულად უარყოფს შემთხვევის მომენტში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნას. საქმეში არ არის სიმთვრალის ხარისხის დამადასტურებელი საბუთი, რადგან მსჯავრდებული ე. ხ. თავის დროზე არ შემოწმებულა სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად. ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ ე. ხ-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს.

ამასთან, საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ავტოავარია და მძიმე შედეგი _ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ე. ხ-ს მიერ მოძრაობის წესების დარღვევამ. ეს გარემოება თავად ე. ხ-საც არ გაუხდია სადავოდ საკასაციო პალატაში საქმის განხილვის დროს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ე. ხ. სწორად იქნა მსჯავრდებული სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

რაც შეეხება სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ ე. ხ.პირველადაა სამართალში; მისი წარსული არაფრითაა შებღალული; დანაშაულის ჩადენიდან გასულია 6 წელზე მეტი დრო და ამ ხნის განმავლობაში იგი რაიმე სამართალდარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა; ხასიათდება დადებითად; საკასაციო პალატის სხდომაზე ფაქტობრივად აღიარა დანაშაული და მატერიალურადაც დაეხმარა დაზარალებულს (5000 აშშ დოლარის ოდენობით), პალატას მიაჩნია, რომ ე. ხ-ს გამოსწორება შეიძლება თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშეც და მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს პირობითი მსჯავრი, ხუთწლიანი საგამოცდო ვადის დაწესებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 იანვრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულ ე. ხ-ს სასიკეთოდ: ე. ხ-ს მოეხსნას სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს.

ე. ხ-ს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით შეფარდებული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი.

ე. ხ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.