შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 17.05.2005
საქმის ნომერი
2კ-141აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 141-აპ 17 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ე. შ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მარტის განაჩენზე, რომლითაც ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 დეკემბრის განაჩენში ე. შ-ს მიმართ შევიდა ცვლილება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 დეკემბრის განაჩენით ე. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო პროკურორის თანაშემწემ _ დ. კ-მა. მან ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრება.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 17 მარტის განაჩენით დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა და ე. შ-ს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლეის აღკვეთა 3 წლის ვადით, სხვა ნაწილში განაჩენი ა. შ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით ა. შ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, კერძოდ: ა. შ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროს დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით _ 0,472 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელიც მას აღმოაჩნდა 2004წ. 11 მაისს ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე აჭყვის ხიდთან პოლიციის მუშაკების მიერ ჩატარებული პირადი ჩხრეკისას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საჩივრით მსჯავრდებული ა. შ. ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ქობულეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა; ჰყავს ავადმყოფი მეუღლე და ორი შვილი, რომლებსაც სჭირდებათ სათანადო მზრუნველობა; მისი წარსული არაფრითაა შებღალული; ხასიათდება დადებითად.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ქ-მ დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, ითხოვა სააპელაციო პალატის განაჩენში ცვლილების შეტანა _ ა. შ-ს მიმართ 63-64-ე მუხლების გამოყენებით პირობითი მსჯავრის შეფარდება.

მსჯავრდებულმა ა. შ.-მა, მითითებული დაზუსტების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს.

პროკურორმა დ. ჩ-მა იშუამდგომლა ა. შ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით მსჯავრდებულ ა. შ-ს ბრალეულობა მისთვის შერაცხულ დანაშაულში დადასტურებულია, ამას არც საკასაციო საჩივარი ხდის სადავოდ; ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ა. შ.აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; იგი გულწრფელია საკასაციო პალატის სხდომაზეც და ითხოვს პატიებას; პირველადაა სამართალში; არის ავადმყოფი, დაავადებულია გულის ქრონიკული იშემიური დაავადებით _ დაძაბვის სტენოკარდიით; ჰყავს უმუშევარი მეუღლე და ორი შვილი. პალატა ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების ოდენობასაც და იმასაც, რომ მსჯავრდებული თავადაა მომხმარებელი რემისიის სტადიაში და მას ნარკოტიკული ნივთიერება გასაღების მიზნით არ შეუძენია. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ა. შავიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 2004წ. 11 მაისიდან 10 დეკემბრამდე, ე.ი. 7 თვე.

ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განაჩენში ა. შ-ს მიმართ უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: ა. შ-ს შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 4 წელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მარტის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ე. შ-ს შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლეის აღკვეთა _ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 4 წელი.

პირობით მსჯავრდებულ ა. შ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის სამსახურმა მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.