საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 160-კოლ 20 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი,ი. ტყეშელაშვილი
განიხილა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ0სა და მსჯავრდებულ ვ. ა0ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 19 ივლისის განაჩენზე, რომლითაც: ვ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 16 აგვისტოდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ვ. ა0ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. თბილისში, ... მცხოვრებმა, .... წელს დაბადებულმა ვ. ა0მა განიზრახა უკანონოდ შეეძინა, შეენახა და გაესაღებინა ნარკოტიკული საშუალება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1, 72 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რის შემდეგაც 2004წ. 16 აგვისტოს, აღნიშნული ნარკოტიკი დამალა რა საკვებ პროდუქტებში, უკანონოდ გადაიტანა ქ. თბილისის ¹1 საპყრობილემდე, იქ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულ ლ. ზ0სათვის გადასაცემად. საამანათო განყოფილებაში მან უკანონოდ გაასაღა საკვებ პროდუქტებში დამალული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 1, 72 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
ქ. თბილისის ¹1 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებმა დ. ზ0სათვის გადასაცემად საამანათო განყოფილებაში მიტანილ საკვებ პროდუქტებში, კერძოდ წიწაკაში, აღმოაჩინეს 1, 72 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რის შემდეგაც ვ. ა. დააკავეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გ. მ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. იგი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ვ. ა0ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი, რადგან პროკურორმა მოითხოვა 4 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, სასამართლომ კი ეს სასჯელი შეუმცირა 1 წლით და შეუფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული ვ. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და შეფარდებული სასჯელის ერთი წლით შემცირებას.
წარმოდგენილია ადვოკატ მ. ჩ-ს შესაგებელი, რომლითაც ის ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, გაზიარებულ იქნეს მსჯავრდებულის მოთხოვნა და ვ. ა-ს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს ერთი წლით.
პალატის სხდომაზე პროკურორმა პ. მ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა პროკურორ გ. მ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
ადვოკატმა მ. ჩ-მა მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ ვ. ა-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე ვ. ა-ს მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის კანონიერი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ვ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია როგორც მისი აღიარებითი ჩვენებებით, ასევე საქმეზე შეკრებილი ერთობლივი მამხილებელი მასალებით. მის მიერ ჩადენილი ქმედება სასამართლო კოლეგიამ სამართლებრივად სწორად შეაფასა. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო როგორც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ასევე ვ. ა-ს პიროვნების მახასიათებელი მონაცემები.
მხოლოდ ის გარემოება, რომ პროკურორმა სასჯელის ზომად მოითხოვა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასამართლომ განუსაზღვრა ერთი წლით ნაკლები სასჯელი, არ შეიძლება პროკურორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს და ამ მოტივით გაუქმდეს განაჩენი. ასევე არ არსებობს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სასამართლო კოლეგიამ სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა სსკ-ის 55-ე მუხლი. შეფარდებული სასჯელის კვლავ შემცირების საფუძველი კი საქმეში არ მოიპოვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 19 ივლისის განაჩენი ვ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.