საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 161-კოლ 1 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ო. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 14 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით ო. ორმოცაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით _ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, ო. ო-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაენიშნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება ნარკომანიისაგან განკურნების მიზნით.
განაჩენით ო. ო-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩადენილი ჰქონდა რა ნარკოტიკული დანაშაული (თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით), კვლავ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა. კერძოდ: 2005წ. 11 მარტს, საღამოს საათებში, გარდაბნის რაიონის სოფ. ფონიჭალაში ძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 1,038 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელიც ასევე უკანონოდ შეინახა და გადმოზიდა თბილისში. იმავე დღეს დაახლოებით 21 საათზე, იგი დააკავეს შსს თანამშრომლებმა გამსახურდიას გამზირის მე-9 კორპუსის მიმდებარე ეზოში. პირადი ჩხრეკის დროს შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა 1,038 გრ ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.
მსჯავრდებულ ო. ო-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. რ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ო. ო-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება. მან აღნიშნა, რომ ო. ო. აღარ საჭიროებს იძულებით მკურნალობას, მისი ოჯახი განიცდის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ გაჭირვებას, ჰყავს მეუღლე და შვილები, ავადმყოფი დედა.
მსჯავრდებული ო. ო. დაეთანხმა ადვოკატ ზ. რ-ს შუამდგომლობას და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ა. ს-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება. მან აღნიშნა, რომ არ იზიარებს ნარკოლოგიური კომისიის დასკვნას, რომ შესაძლებელია ო. ორმოცაძეს მოეხსნას იძულებითი მკურნალობა, მაშინ, როცა ძალაშია ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ის საჭიროებს იძულებით მკურნალობას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით. მსჯავრდებულისათვის განაჩენით შერაცხული ბრალდება მთლიანად დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არ ხდის არც საკასაციო საჩივარი.
სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო ო. ო-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა ის გარემოება, რომლებსაც ამჟამად საკასაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მიიჩნევს და დაადგინა სამართლიანი განაჩენი. განაჩენით შეფარდებული სასჯელის ზომა შესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მისი პიროვნების მახასიათებელ მონაცემებს. ამდენად, შეფარდებული სასჯელის შემცირებისათვის პალატას არავითარი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 14 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ო. ო-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.