საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 27.10.2005
საქმის ნომერი
2კ-175კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.10.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 175-კოლ 27 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ც. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 23 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. გ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2005წ. 23 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისავთის, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, რის გამოც მას, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, სასამართლომ სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. აღნიშნული სასჯელის ვადის წინასწარ პატიმრობაში გატარების გამო ამჟამად მსჯავრდებული ნ. გ. გათავისუფლებულია პატიმრობიდან და ითვლება სასჯელმოხდილად.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ნ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ნ. გ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რასაც უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში ქ. თბილისში, ... 2002წ. 4 დეკემბერს ზემოაღნიშნულ მისამართზე ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლმა სამმართველომ ჩაატარა ნ. გ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც, დამსწრეების თანდასწრებით, საძინებელ ოთახში მდგარი მაგიდიდან ამოღებულ იქნა ცელოფნის დიდ ნაჭერში მოთავსებული, მოთეთრო-მოყავისფრო ფერის ფხვნილისებური ნივთიერება, რაც დაილუქა ¹36 ბეჭდით. ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნით, აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს”, წონით 21,37 გრამს.

ნ. გუმაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია ორი მოსამართლის ხმის უმრავლესობით, ხოლო კოლეგიის შემადგენლობის ერთმა მოსამართლემ განაჩენის მიმართ დაწერა განსხვავებული აზრი, რომლის მიხედვით, ნ. გ-ს არ ჩაუდეინა მისთვის შერაცხული ქმედება, რის გამოც მის მიმართ უნდა დადგენილიყო გამამართლებელი განაჩენი.

სასამართლო კოლეგიის მიერ მსჯავრდებულ ნ. გ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ც. კ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც კასატორი ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებას მისი ლმობიერების მოტივით და ნ. გ-ის ბრალდების საქმის დაბრუნებას პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

პალატის სხდომაზე განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა მ. ქ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

მსჯავრდებულ ნ. გ-ს დამცველებმა, ადვოკატებმა _ ლ. ტ-მა და ა. ა-მა მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს, მათ ითხოვეს ნ. გ-ს მსჯავრდების თაობაზე გამოტანილი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა ნ. გ-ს ბრალდების საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს მოსამართლის განსხვავებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნ. გ-ს მიმართ უნდა დადგენილიყო გამამართლებელი განაჩენი, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის შერაცხული ქმედება. საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამავე საფუძვლით პალატა არ იზიარებს ასევე დამცველების მოსაზრებას ნ. გუმაშვილის უდანაშაულობის თაობაზე, რის გამოც მათი მოთხოვნა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება.

პალატა, გულდასმით შეამოწმა რა აგრეთვე საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებებისა და მოთხოვნის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლო კოლეგიამ განაჩენის დადგენისას და მსჯავრდებულ ნ. გ-ს მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სწორად იხელმძღვანელა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის, ჩადენილი დანაშაულის გარემოებებთან და პიროვნებასთან სასჯელის შესაბამისობის პრინციპებით. ასეთი დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის, რომ ნ. გ. პირველად არის სამართალში და მისი წარსული არაფრითაა შებღალული; მას სასოფლო თემი ახასიათებს დადებითად; ჰყავს მრავალშვილიანი ოჯახი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ნ. გ. ფლობდა, მიუხედავად მისი ოდენობისა, დროულად იქნა ამოღებული მსჯავრდებულისგან, რის გამოც მის ქმედებას არ მოჰყოლია რაიმე მძიმე შედეგი. ასეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, სავსებით დასაბუთებულია განაჩენის გამომტანი სასამართლო კოლეგიის მიერ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება, ხოლო სასამართლოს მიერ დანიშნული რეალური სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით _ საკმარის ზომას წარმოადგენს მსჯავრდებულ ნ. გ-ს გამოსასწორებლად.

ამრიგად, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ მსჯავრდებულ ნ. გუმაშვილის მიმართ 2005წ. 23 მაისს გამოტანილი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ც. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 23 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ნ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.