საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 29.10.2005
საქმის ნომერი
2კ-309აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.10.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 309-აპ 29 სექტემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა ადვოკატ ჯ. მ-სა და მარნეულის რაიონული პროკურორის _ ს. ფ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენზე დარიკო ბინათ კიზი ისმაილოვას მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ნოემბრის განაჩენით დ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით დ.ი-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” უკანონოდ შეძენა და შენახვა, კერძოდ, 2004წ. 4 ივლისს, 13:40 საათზე, ქ.მარნეულში, ... ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს დ.ი-, რომელსაც ადგილზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ბიუსტჰალტერის მარცხენა მხარეს აღმოაჩნდა გამჭირვალე, ვარდის ფერი პოლიეთილენის ნაჭერში 7 ე.წ “ბაშად” დაფასოებული დიდი ოდენობით _ 0,882 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელიც მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინა და ინახავდა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ.მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს დ.ისმაილოვას მიმართ სასჯელის მაქსიმალურად შემცირებას იმ მოტივით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ქვრივია, არ არის ადრე ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად და მეზობლებსა და უბანში სარგებლობს კარგი ავტორიტეტით.

პროკურორი ს.ფ. ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ამავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრების მოთხოვნას დ.ისმაილოვას მიმართ განაჩენის გაუქმებისა და ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე.

მსჯავრდებულის მიმართ შეკრებილი მტკიცებულებები, ჩხრეკის ოქმი, ასევე მისი აღიარება და სხვა მასალები უდავოდ ადასტურებენ, რომ 2004წ. 4 ივლისს ქ. მარნეულში, … ქუჩაზე, ოპერატიული ინფორმაციიის საფუძველზე პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული პირადი ჩხრეკისას დ. ი-ს აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინი”, წონით 0,882 გრამი.

პალატამ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოპოვებულ მტკიცებულებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და დ. ი-ს ქმედება სწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.

ამასთან, პალატა ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში, რომელიც დანიშნულია ჩადენილი დანაშაულის საშიშროებისა და დამნაშავის პიროვნების, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, _ რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს შვილი და შვილიშვილი, _ გათვალისწინებით.

პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენი დ.ისმაილოვას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. მ-სა და მარნეულის რაიონული პროკურორის _ ს. ფ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენი დარიკო ბინათ კიზი ისმაილოვას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.