საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 330-აპ 22 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა ადვოკატ ს.დ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ივლისის განაჩენზე ლ. თ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ლ. თ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 241-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით (1960წ. კოდექსი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ. თ-მ 1999წ. 18 ივლისს, დაახლოებით 2 საათზე, მინდობილობით მართავდა რა მოქალაქე ა. ე-ს კუთვნილ, “მერსედეს-500” მარკის ავტომანქანას და მოძრაობდა ქ.ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით, დაბა ჩაქვში, პოლიციის შენობის წინ, ბათუმი-სენაკის საავტომობილო ტრასის მე-16 კილომეტრზე, დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის წესები, კერძოდ, “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” 1999წ. 19 ივნისის საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, ასევე 1994 წელს მიღებული “საგზაო მოძრაობის წესების” 2,7 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც, “მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს; ამასთან, მან უნდა გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსიურობა, სატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის თავისებურება და მდგომარეობა, საგზაო მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით, მძღოლმა მუდმივი კონტროლი უნდა გაუწიოს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. წესების მოთხოვნათა შესაბამისად, მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნაში მძღოლი იღებს შესაბამის ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად, სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე. დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. მძღოლს ეკრძალება, მართოს სატრანსპორტო საშუალება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის დროს, იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებისას, რომლებიც აქვეითებენ რეაქციასა და ყურადღებას, ავადმყოფობის ან გადაღლილობის დროს, თუ ეს საშიშროებას არ უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას”. აღნიშნული კანონისა და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ლ.თ. იყო რა გადაღლილი, ვინაიდან ბრუნდებოდა თურქეთის რესპუბლიკის ქ.ტრაპიზონიდან, ზემოთ მითითებულ ადგილას, სადაც არის დასახლებული პუნქტი, მოძრაობდა დადგენილზე გადაჭარბებული, 80-100 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც გადაკვეთა სავალი ნაწილის გამყოფი თეთრი წყვეტილი ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა “ფორდის”, სავალ ნაწილზე, რომელსაც მართავდა ი. კ. და შეეჯახა მას. შეჯახებას შედეგად მოჰყვა მძღოლ ი.კონცელიძის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო “ფორდში” მჯდომმა მეორე პიროვნებამ _ რ. ხ-მა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. ლ.თოიძემ ზემოხსენებული დანაშაულის შედეგად გაუფრთხილებლობით დააზიანა სხვისი ნივთი, კერძოდ, ა.ე-ს ავტომანქანა “მერსედეს-500”, რომლის დაზიანებით ა.ე-ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი 7000 აშშ დოლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 9 დეკემბრის განაჩენით ლ. თ-ს დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებიდან (ძველი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ელ და მე-3 ნაწილებზე, ხოლო სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქციით) წარდგენილი ბრალდება მოეხსნა და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა. ლ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 2 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელი დარჩა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის გარეშე. ამავე განაჩენით ლ. თ-ს დაზარალებულ ა. ე-ს სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ლ. თ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს.დ. საკასაციო საჩივრით ითხოვს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების განაჩენების გაუქმებას და ლ.თ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას დანაშაულის არარსებობის გამო.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი.ჩ. დამატებითი საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ.თ-ს მიმართ განაჩენების გაუქმებას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, ხოლო სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად ი.კ-ს ბრალეულობის საკითხის გადასაწყვეტად.
მსჯავრდებული ლ.თ. მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
პროკურორი შ.კ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ლ.თ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ლ.თ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე, რადგანაც მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და დათვალიერების დროს შედგენილი სქემით, ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილია ლ.თ-ს მიერ მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტი.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ორივე ოქმისა და სქემის, ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური კომპლექსური ექსპერტიზების დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობის თაობაზე, ვინაიდან არ არსებობს ამის კანონიერი საფუძველი; ასევე ვერ იმსჯელებს დაცვის მხარის მიერ საკასაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო პალატის სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა: ჰ.ნ-მა და ზ.თ-მ დაადასტურეს, რომ შეჯახება მოხდა ავტომანქანა “ფორდის” სამოძრაო ზოლში; ექსპერტმა ზ.თ-მ განმარტა, რომ, თუკი ავტომანქანების ურთიერთკონტაქტი მოხდა იმ ადგილზე, როგორც ეს აღნიშნულია ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართულ სქემაში, ავტომანქანა “ფორდი” შეჯახების შემდეგ ვერ აღმოჩნდებოდა იმ ადგილზე, სადაც ის დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში და ვერანაირად ვერ მიაყენებდა ისეთ დაზიანებებს, რომლებიც ავტომანქანას ფაქტობრივად აქვს მიღებული; ავტომანქანა “ფორდი” შესული რომც ყოფილიყო ავტომანქანა “მერსედესის” სავალ ნაწილში 1 მეტრით, “მერსედესს” ჰქონდა მარჯვნივ მანევრირებისა და “ფორდისთვის” გვერდის აუვლის საშუალება.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს სისხლის სამართლის კანონის არასწორად გამოყენების თაობაზე და მიაჩნია, რომ ლ.თ-ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმას, რომ ლ.თ. პირველადაა სამართალში, ჩადენილი აქვს გაუფრთხილებელი დანაშაული, დაზარალებულები არ ითხოვენ მის დასჯას, დანაშაულის ჩადენიდან გასულია 5 წელზე მეტი, დროის ამ შუალედში რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა, თვლის, რომ მისი გამოსწორება შეიძლება სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ლ.თ-ს მიმართ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება: დანიშნული სასჯელი, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.
გარდა ამისა, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი უნდა გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რადგანაც ლ.თ-ს მიერ ა.ევგენიძისთვის 7000 აშშ დოლარის ზიანის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ივლისის განაჩენი ლ. თ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დანიშნული სასჯელი, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.
მსჯავრდებულ ლ.თ-ს დაევალოს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.