საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 351-აპ 21 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ დ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ივნისის განაჩენით დ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის განაჩენით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება: დ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით დ.ლ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003წ. იანვრის შუა რიცხვებში დ. ლ-მ განიზრახა, თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა გ. ჯ-ს კუთვნილ ანტიკვარულ ნივთებს, რომელთა რეალიზებით მიღებულ თანხას მიითვისებდა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დ.ლ. დაუკავშირდა გ.ჯ-ს, რომელსაც თავი სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლად წარუდგინა და განუცხადა, რომ ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის სფეროში მოღვაწეობდა და მის მფლობელობაში იყო თბილისში, წერეთლისა და ვანის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ანტიკვარული ნივთების მაღაზია, რომელშიც, მისივე სიტყვებით, მას მილიონობით ღირებული ანტიკვარული ნივთები ჰქონდა. მან შეძლო გ.ჯ-ს დარწმუნება, რომ დღე-დღეზე ელოდებოდა მოსკოველ კლიენტებს, რომლებიც შეიძენდნენ გ.ჯ-ს კუთვნილ ანტიკვარულ ნივთებს. დ.ლ-მ გ.ჯ-სთვის მისი საქმიანობისა და პიროვნების უფრო სერიოზულად წარმოსადგენად ფოტოსურათები გადაუღო გ.ჯ-ს კუთვნილ ნივთებს იმ მოტივით, რომ არ სურდა გ.ჯ-ს ბინაში უცხო პირთა მიყვანა, რათა იგი ზედმეტად არ შეწუხებულიყო და შესთავაზა ნივთების წაღება. გ.ჯ. დარწმუნებული იყო რა მის გულწრფელობასა და საქმიანობის რეალობაში, დათანხმდა აღნიშნულ წინადადებას და 2003წ. იანვრის შუა რიცხვებში, დაახლოებით 16-20 იანვრის შუალედში, თავისსავე ბინაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ..., გადასცა მას შემდეგი ანტიკვარული ნივთები:
1. ლენინგრადის წარმოების ძველი კარადა “ბული”, ღირებული 1.600 აშშ დოლარად, რაც იმ პერიოდში არსებული სავალუტო კურსით 3405 ლარს შეადგენდა;
2. “ბრონზეს” საათი, ღირებული 800 აშშ დოლარად, შესაბამისად 1752 ლარის ღირებულების;
3. “ბრონზეს” იტალიური წარმოების სამეული: საათი და ორი შანდალი, ღირებული 450 აშშ დოლარად, შესაბამისად 985 ლარის ღირებულების;
4. ვერცხლის ქამარი, ღირებული 100 აშშ დოლარად, შესაბამისად 219 ლარის ღირებულების;
5. ორი ცალი ვერცხლის ხანჯალი, თითოეული ღირებული 300 აშშ დოლარად, შესაბამისად 1614 ლარის ღირებულების.
ნივთების გადაცემის მომენტში დ.ლ. დაჰპირდა გ.ჯ-ს, რომ ნივთების რეალიზაციით მიღებულ თანხას _ 3550 აშშ დოლარს ერთ კვირაში გადასცემდა. იმისათვის, რათა გ.ჯ-ს ეჭვი არ შეეტანა მის დანაშაულებრივ ქმედებაში, ნივთების წაღებიდან რამდენიმე დღეში სატელეფონო საუბარში კვლავ დააიმედა, რომ მოსკოველი მყიდველები უკვე ერევანში იმყოფებოდნენ და იგი მოახდენდა ნივთების რეალიზებას. გ.ჯ-ს კუთვნილი ანტიკვარული ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაუფლების შემდეგ დ.ლ. მიიმალა. მისი დანაშაულებრივი ქმედებით გ.ჯ-ს მიადგა 3.550 აშშ დოლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი, რაც დანაშაულის ჩადენის მომენტში არსებული სავალუტო კურსით შეადგენს 7.774 ლარს.
მსჯავრდებული დ.ლ. საკასაციო საჩივრით ითხოვს საოლქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას ან პირობითი სასჯელის შეფარდებას.
პროკურორი ო.ბ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს დ.ლ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უადავოდაა დადგენილი, რომ დ.ლაცაბიძემ ჩაიდინა თაღლითობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ იგი მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაეუფლა გ.ჯიბლაძის კუთვნილ ანტიკვარულ ნივთებს.
აღნიშნული, გარდა დაზარალებულ გ.ჯ-ს ჩვენებისა, დადასტურებულია მოწმეების: ნ.ქ-ს, დ.ლ-ს, ი.შ-ს, თ.ღ-სა და დ.ბ-ს ჩვენებებით.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თავად დ.ლ. არ უარყოფს გ.ჯ-სგან ანტიკვარული ნივთების წაღების ფაქტს; იგი თანახმაა, დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი და საკასაციო საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის შემცირებას ან მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას.
სააპელაციო სასამართლომ დ.ლ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ იგი პირველადაა სამართალში, ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, თანხის ნაწილი დაზარალებულს გადაუხადა, ჰყავს სამი შვილი, და შეუფარდა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმაში, რომ დ.ლაცაბიძეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებები და მიაჩნია, რომ დ.ლ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის მკაცრი, შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს; აქედან გამომდინარე, თვლის, რომ განაჩენი დ.ლ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის განაჩენი დ. ლ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.