საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 361-აპ 15 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულების – კ. ზ-ს, გ. პ-სა და დ. ტ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 მაისის განაჩენში მათ მიმართ შევიდა ცვლილება.
აღწერილობითი ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 მაისის განაჩენით:
1. კ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
2. გ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
3. დ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე საქმეზე მსჯავრდებულები არიან თ. ბ., გ. ბ. და მ. გურგენაშვილი, რომლებიც განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებენ.
შანაჩენით კ. ზ-ს, გ. პ-ს, დ. ტ-ს, თ. ბაზანდარაშვილს, გ. ბ-სა და მ. გ-ს მსჯავრი დაედო შემდეგში:
კ. ზ-მა განიზრახა ყაჩაღური თავდასხმის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთტრებინა გორის არიონის სოფ. ... მცხოვრები ს. ყ-ს ოჯახის ქონება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გორის რაიონის სოფ. ... დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ. პ-ს, დ. ტ-ს, გაანდო განზრახვა და მიიღო თანხმობა. 2002წ. 17 თებერვალს კ. ზ-მა თანასოფლელ გ. ბ-ს კუთვნილი “ვაზ-2105” მარკის ა\მანქანით სთხოვა გორის რაიონს სოფ. ... აყვანა პირად საქმეზე. თანხმობის მიღების შემდეგ კ. ზ., გ. პ-თან და დ. ტ-სთან ერთად გ. ბ-ის კუთვნილი ა\მანქანით 2002წ. 17 თებერვალს, დაახლოებით 21.30 საათზე, ავიდა სოფ. ... გ. ბ. დატოვა ნაცნობის ოჯახშიბ რის შემდეგაც კ. ზ., გ. პ. და დ. ტ., სახეზე ნიღაბაფარებულნი, დანებითა და სანთებელა პისტოლეტით შეიარაღებულები, უკანონო დშეიჭრნენ ს. ყ-ის ოჯახში. ს. ყ-ის, მისი მეუღლის ლ. ყ-სა და შვილის ი. ყ-ს მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს ფული – 750 ლარი და 920 ლარის საოჯახო ქონება. სულ ს. ყ-ს ოჯახს მათ მიაყენეს 1650 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. გატაცებული ქონებით გ. ბ-ს ა\მანქანით დაბრუნდნენ სოფ. ... გზაში მსვლელობის დროს გ. ბ-ს გაუმხილეს ჩადენილი ყაჩაღობის შესახებ და წინასწარი შეპირების გარეშე მისცეს ს. ყ-ს ოჯახიდან ყაჩაღური გზით გატაცებული “ლჯ” ფირმის ვიდეომაგნიტოფონი და ა\მანქანის აუდიომაგნიტოფონი. დანარჩენი ფული და სხვა ქონება ურთიერთშორის გაინაწილე. მოგვიანებით გ. ბ-მა ვიდეომაგნიტოფონი და აუდიომაგნიტოფონ იმიჰყიდა გ. ა-სა და თ. ჩ-ს.
2002წ. აპრილის თვეში კ. ზ-მა კვლავ განიზრახა ყ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა. ამ მიზნით კვლავ დაუკავშირდა გ. პ-სა და დ. ტ-ს. მათგან თანხმობის მიღების შემდეგ დაუკავშირდნენ სოფ.... მცხოვრებ თ.ბ-ს, სთხოვეს ამ უკანასკნელს მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის “ტოზ-მ-01-ის” თხოვება. თ. ბ-მა არ ანდო იარაღი და ორი საბრძოლო ვაზნითა და იარაღით თვითონ გაჰყვა აღნიშნულ პირებს. 2002წ. 14 აპრილს კ. ზ-მა თანასოფლელ მ. გ-ს სთხოვა მისივე კუთვნილი ა\მანქანით სოფ. ... პირად საქმეზე აყვანა. თანხმობის მიღების შემდეგ, გვიან ღამით, მივიდნენ სოფ. ... კ. ზ., გ. პ., დ. ტ. და თ. ბ. გადავიდნენ ა\მანქანიდან, რის შემდეგ მ. გ. ა\მანქანით დაბრუნდა ქ.გორში, შეუთანხმდა კ. ზ-ს და სხვებს, რომ დაელოდებოდნენ რკინიგზის სადგურზე, ტაქსების გაჩენებასთან. გ. პ-მა თ.ბ-ს გამოართვა მცირეკალიბრიანი შაშხანა, რადგან ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა დანაშაულში მონაწილეობის მიღებაზე და დარჩა სოფ. ... ეკლესიის ნანგრევებთან. კ. ზაალიშვილი, გ. პ. და დ. ტ., მცირეკალიბრიანი შაშხანით შეიარაღებულნი და სახეზე ნიღაბაფარებულნი, უკანონოდ შევიდნენ ს. ყ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, მივიდნენ სახლის კარებთან, საიდანაც ამ დროს ხმაურზე გამოვიდა ს. .ყ ამ უკანასკნელმა თავდამსხმელებს გაუწია აქტიური ფიზიკური წინააღმდეგობა და გ. პ-ს წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი. წარმოშობილი ხმაურისა და ს. ყ-ს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო, კ. ზ., გ. პ. და დ. ტ. იძულებული გახდნენ მიმალულიყვნენ, მიატოვეს შემთხ-ვევის ადგილი და თ. ბაზანდარაშვილთან ერთად ფეხით ჩავიდნენ გორის რკინიგზის სადგურზე, სადაც მათშეპირებისამებრ დაუხვდა მ. გ. ა\მანქანით, რომელმაც ისინი მიიყვანა სოფ. ... გზაში მსვლელობისას განსასჯელთა საუბრიდან მათ გაიგო ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის შესახებ, რითაც წინასწარი შეპირების გარეშე დაფარა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივლისის განაჩენით სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება. კერძოდ: კ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; გ. პ-ს – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; დ. ტ-ს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული კ. ზ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებული გ. პ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებული დ. ტ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა კ. ზ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. პ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა დ. ტ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პროკურორმა რ. ს-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულების – კ. ზ-ს, გ. პ-ს, დ. ტ-ს აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით მსჯავრდებულების მიერ მათზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივრები ხდის.
რაც შეეხება მსჯავრდებულების – კ. ზ-ს, გ. პ-ს, დ. ტ-ს საკასაციო საჩივრების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათ მიმართშეფარდებული სასჯელი არის მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და სამივე პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, მათ დაუნიშნა ისეთი სასჯელები, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების – კ. ზ-ს, გ. პ-სა და დ. ტ-ს მიმართ დარჩეს უცვლალად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.