საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 362-დად 15 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა. ლ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 1 ივლისის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 19 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ე. წ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის საფუძველზე განაჩენის აღსრულება მსჯავრდებულ ე. წ-ს გადაუვადა ხუთი წლის ვადით, მისი მცირეწლოვანი შვილის 5 წლის ასაკის შესრულებამდე.
აღნიშნული განაჩენი გადაგზავნილ იქნა იუსტიციის სამინისტროს პრობაციის სამსახურში, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა კონტროლი ე. წ-ს საქმიანობასა და ყოფაქცევაზე.
მსჯავრდებული ე. წ. 5 წლის მანძილზე ეწეოდა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, ზრდიდა თავის მცირეწლოვან შვილსა და უვლიდა ინვალიდ მშობლებს, ემორჩილებოდა მის მიმართ განხორციელებულ მეთვალყურეობის რეჟიმს.
ე. წ-ს ჰყავს I ჯგუფის უსინათლო მამა, II ჯგუფის ინვალიდი დედა და 5 წლის მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან.
მსჯავრდებულ ე. წ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. დ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, რომლითაც ითხოვდა კანონიერ ძალაში შესული და გადავადებული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლებას.
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა და, დააკმაყოფილა რა იგი, 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით მსჯავრდებული ე. წ. გაათავისუფლა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
აღნიშნული სასამართლო დადგენილების თაობაზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. ლ-მ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ხსენებული დადგენილების გაუქმებასა და მსჯავრდებულ ე. წ-ს გაგზავნას განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად. პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მიმართ პალატაში შესაგებელი შეიტანა მსჯავრდებულ ე. წ-ს დამცველმა, ადვოკატმა ო. დ-მ, რომლითაც, ასაბუთებს რა საჩივრის უსაფუძვლობას, ითხოვს, რომ კასატორს უარი ეთქვას საჩივარზე, ხოლო სასამართლოს 2005წ. 1 ივლისის დადგენილება მსჯავრდებულ ე. წ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის სხდომაზე განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა ა. ლ-მ მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ე. წ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ო. დ-მ მხარი არ დაუჭირეს საჩივარს და ითხოვეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 1 ივლისის დადგენილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების თაობაზე დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა წარმოდგენილი მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაცვის მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლო წარმოების მასალებში არსებული დოკუმენტები ადასტურებენ, რომ სასჯელის გადავადების პერიოდში მსჯავრდებული ე. წ. მყარად დადგა გამოსწორების გზაზე, იგი უვლიდა ოჯახს, ზრდიდა მცირეწლოვან შვილს, ეწეოდა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, შემჩნეული არ ყოფილა რაიმე სამართალდარღვევის ჩადენაში, ემორჩილებოდა მის მიმართ განხორციელებულ მეთვალყურეობის რეჟიმს, მას დადებითად ახასიათებენ სამუშაო ადგილიდან, ასევე დადებითია მის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი პრობაციის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა. ამასთან ერთად, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მსჯავრდებული ე. წ. არის მარტოხელა დედა, ზრდის მცირეწლოვან შვილს და მის კმაყოფაზე იმყოფებიან ინვალიდი მშობლები.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე. წ-ს მიერ სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდა ამჟამად მოკლებულია ყოველგვარ მიზანშეწონილობას, აშკარად არ შეესაბამება სასჯელის მიზანს, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული სასჯელის მოხდისაგან. ამრიგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 1 ივლისის დადგენილება მსჯავრდებულ ე. წ-ს მიმართ არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა. ლებანიძის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 1 ივლისის დადგენილება მსჯავრდებულ ე. წ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.