შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 370-აპ 17 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ თ. ხ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 31 აგვისტოს განაჩენით თ. ხ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სასჯელის დადების შემდეგ, სახელდობრ: 2004წ. 29 მაისს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ თ. ხარაზს დაედო ადმინისტრაციული სასჯელი 150 ლარის ოდენობით. 2004წ. 27 ივნისს თ. ხ-მა ექიმის დანიშნულების გარეშე მიიღო ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი”, რაც დაუდგინდა ნარკოლოგიურ დისპანსერში შემოწმების დროს.
განაჩენით თ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე, როგორც ნარკომანს, დაენიშნა იძულებითი მკურნალობა.
აღნიშნული განაჩენი აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული თ. ხ. ითხოვს მისთვის შეფარდებული სასჯელის შეცვლას ისეთი ღონისძიებით, რაც არ იქნება დაკავშირებული საზოგადოებისგან იზოლირებასთან. მსჯავრდებული პალატას სთხოვს, გაითვალისწინოს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი შემდეგი გარემოებები: იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; აქვს მძიმე ოჯახური პირობები; ჰყავს მოხუცი, ავადმყოფი დედა, რომლის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა.
სახელმწიფო ბრალდების მარდამჭერმა პროკურორმა დ. ჩ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა თ. ხ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებით დადასტურებულია მსჯავრდებულ თ. ხ-ს მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, რასაც სადავოდ არ ხდის თავად მსჯავრდებულიც.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ თ. ხ-ს დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ავადმყოფია, დაავადებულია ნარკომანიით და საჭიროებს იძულებით მკურნალობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ოქტომბრის განაჩენით თ. ხ-ს დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის 63-65-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 წელი.
პირობით მსჯავრდებულ თ. ხ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თ. ხ-ს დაეკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება:
პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, გაიაროს ნარკომანიის მკურნალობის კურსი.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.