საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 383-აპ 10 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი
განიხილა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მაისის განაჩენზე კ. ნ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ.
18 მარტის განაჩენით კ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე შეეფარდა იძულებითი მკურნალობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილების პირობებში.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
განაჩენით კ. ნ-ს მსჯავრი დაედო შემდეგ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისათვის:
2004წ. 14 ნოემბერს კ. ნ. იმყოფებოდა ქ. თბილისში, ... მდებარე ლ. თ-ს ბინაში, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. სასმლის დალევის შემდეგ მას კვლავ მოუნდა დალევა და ლ. თ-ს მოსთხოვა ფული. ამის გამო ისინი შეკამათდნენ, რა დროსაც კ. ნ-მ ლ. თ-ს დანის სამჯერ დარტყმით მიაყენა დაზიანებები. მომხდარის გამო შემთხვევის ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის მუშაკები კ. ნ-მ არ შეუშვა სახლში, საფეთქელთან მიიდო საფანტის პისტოლეტი და იმუქრებოდა თავის მოკვლით. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა გამოიძახეს დამატებითი ძალები, მსჯავრდებულმა მათ ჩააბარა იარაღი. შემთხვევის ადგილზე მოკვლევის ჩატარების მიზნით გამოცხადდა კრწანისი-მთაწმინდის შს პირველი განყოფილების ინსპექტორი გ. ნ.. მსჯავრდებულმა კ. ნ-მ, რომელიც გაღიზიანდა ინსპექტორის მიერ დასმულ შეკითხვებზე, ამ უკანასკნელს თავი დაარტყა სახის არეში და მიაყენა მსუბუქი დაზიანებები ცხვირისა და ზედა ტუჩის არეში, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ამის შემდეგ კ. ნ-მ აიღო მაკრატელი და დანა, თან გაიძახოდა, რომ მასთან მიახლოების შემთხვევაში თავს მოიკლავდა. მსჯავრდებულის დაწყნარება შეძლო მხოლოდ იქ მისულმა დედამისმა.
საკასაციო საჩივრით მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ. კ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად კ. ნ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით, რასაც ასაბუთებს იმით, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივი და, ამდენად, კ. ნ-ს არ შეიძლებოდა, სასჯელის სახით დანიშვნოდა მუხლის ყველაზე მკაცრი სასჯელის მაქსიმალური ვადის ნახევარზე ნაკლები.
ადვოკატი ნ. ი. ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პროკურორი რ. ს. მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ, კანონზე დაყრდნობით, სათანადოდ დაასაბუთა მსჯავრდებულ კ. ნ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის შემცირება. კერძოდ, სასამართლომ კ. ნ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ძირითადად გაითვალისწინა ის გარემოება, რომ, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, „კ. ნ-ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით დანაშაულის ჩადენის დროს არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის”. დასკვნაში მითითებულია, რომ კ. ნ. არის შეზღუდული შერაცხადი და საჭიროებს იძულებით მკურნალობას.
ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენში სწორად მიუთითა სსკ-ის 35-ე მუხლის მეორე ნაწილზე. ამ ნორმის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
პალატა ასევე არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კ. ნ-ს დანაშაულის რეციდივის დროს არ შეიძლებოდა სასჯელის სახით დანიშვნოდა მუხლის ყველაზე მკაცრი სასჯელის მაქსიმალური ვადის ნახევარზე ნაკლები და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ამ კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისას, რეციდივის, საშიში რეციდივის ან განსაკუთრებით საშიში რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მეორე ნაწილში მოცემული წესი. ამდენად, სასამართლომ პირის შეზღუდული შერაცხადობა მიიჩნია სსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ შემამსუბუქებელ გარემოებად და მსჯავრდებულ კ. ნიქაბაძეს სწორად დაუნიშნა სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მაისის განაჩენი კ. ნ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.