საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 390-აპ 20 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ლ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ივლისის განაჩენზე, რომლითაც გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ნოემბრის განაჩენი მის მიმართ შეიცვალა.
აღწერილობითი ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ნოემბრის განაჩენით ლ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ლ. ქ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2004წ. 7 მარტს განიზრახა, ყაჩაღურად თავს დასხმოდა გურჯაანის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ნ. ქ-ს ოჯახს. თავისი დანაშაულებრივი განზრახვა გაანდო გამოძიებით დაუდგენელ სამ პირს, რის შემდეგაც დაუდგენელ ვითარებაში დაამზადეს ნიღბები და გამოძიებით დაუდგენელი სისტემისა და მარკის ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულნი იმავე საღამოს, დაახლოებით 20 საათზე, უკანონოდ შეიჭრნენ ნ. ქ-ს საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში, სადაც ნ. ქ. იმყოფებოდა მეუღლესთან ლ. ქ-თან და ქალიშვილ მ. ქ-თან ერთად. ოთახში ნიღბის გარეშე შესულმა ლ. ქ-მ ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა, ოჯახის წევრები შესულიყვნენ საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე მდებარე მარანში, სადაც ყველა მათგანს ე.წ. “სკოჩით” შეუკრეს ხელები, აუხვიეს პირი და ძალადობის გამოყენებით აიძულეს, მიეცათ ოჯახის წევრების კუთვნილი ოქროულობა და ძვირფასეულობა. კერძოდ, მ. ქ-ს კუთვნილი _ 630 ლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის ნივთები, მისივე კუთვნილი _ 350 ლარად ღირებული “ქელვინ ქლეინის” მარკის საათი და “სიმენსის” მარკის “მ-60” სისტემის მობილური ტელეფონი, 1200 ლარად ღირებული; ლ. ქ-ს კუთვნილი, 190 ლარის ღირებულების ოქროული, ნ. ქ-ს კუთვნილი, “სონის” მარკის 300 ლარად ღირებული მაგიდის ოქროსფერკორპუსიანი საათი. ამავე დროს მან ნ. ქევხიშვილს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. ამის შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ივლისის განაჩენით სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება. კერძოდ, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ლ. ქათამაძეს შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებული ლ. ქ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ლ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ ლ. ქ-სათვის შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი, იგი არის ავად, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დღესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და პატიმრობაში ყოფნა კიდევ უფრო დაამძიმებს მას.
პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ნ. ქ-მა ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
პროკურორმა პ. მ-მ დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულთა ჩვენებებით ლ. ქ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ. ქ-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, ლ. ქათამაძეს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ლ. ქ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.