საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 06.10.2005
საქმის ნომერი
2კ-391აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.10.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 391-აპ 6 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ე. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივლისის განაჩენზე, რომლითაც თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 29 მარტის განაჩენი ე. დ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 29 მარტის განაჩენით ე. დ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

ე. დ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, კერძოდ:

2004წ. 26 აპრილს ე. დ. მეზობელ ე. ვ-თან ერთად ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, ..., სვამდა ალკოჰოლურ სასმელ არაყს. დაახლოებით 20 საათზე ისინი მორჩნენ დალევას, რის შემდეგაც ე. დ. ჩავიდა ეზოში და დაჯდა სადარბაზოს წინ მდგარ სკამზე. მან დაინახა, რომ სადარბაზოდან გამოვიდა ე. ვ., რომელმაც სადარბაზოს გვერდით არსებული საწვიმარი მილიდან გამოიღო ე. დ-ს მიერ დამალული, 0,5 ლიტრიანი ბოთლით არაყი და წავიდა მე-4 სადარბაზოსაკენ. ე. დ.გაჰყვა უკან. ე. ვ.შევიდა მე-4 სადარბაზოში და წავიდა ზემო სართულებისაკენ. ე. დ. გაჰყვა და დაუძახა, თუ სად მიჰქონდა არაყი. აღნიშნულზე მათ მოუვიდათ შელაპარაკება. ე. დ-მა განიზრახა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიეყენებინა ე. ვ-სათვის და წაერთმია არაყი. ამ მიზნით მან დაუჭირა ე. ვ-ს მოქნეული არყიანი ბოთლი და ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც იგი გადავარდა კიბეზე. ე. დ. ხელმეორედ მიუახლოვდა ე. ვ-ს და თავში ჩაარტყა ფეხი, შემდეგ აიღო ბოთლი და წავიდა სახლში, ხოლო ე. ვა. მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

საკასაციო და დამატებით საკასაციო საჩივრებში ადვოკატი ა. გ. ითხოვს ე. დ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, მიუთითებს, რომ სასჯელი მეტისმეტად მკაცრი და მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმის შეუსაბამოა.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. გ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა რ. ს-მა საკასაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირა, განაჩენი მსჯავრდებულ ე. დ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით მსჯავრდებულ ე. დავიდოვის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ არ მოიპოვება ე. დ-ს მიმართ დადგენილ განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი. მისთვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის ყველა შემამსუბუქებელი გარემოება, აგრეთვე ისიც, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა ნასვამმა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივლისის განაჩენი ე. დ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.