შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 393-აპ 17 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 ივლისის განაჩენით მ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ნოემბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 ივლისის განაჩენი მ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით მ.ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2003წ. 23 ნოემბერს, საღამოს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, თელავის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ჯ. ბ-ს, რომელიც მამასთან ერთად მოძრაობდა თავისი კუთვნილი ავტომანქანით, სახ.¹გაზ357, თელავის რაიონის სოფ. ..., სოფლის გასასვლელში, გაუფუჭდა მანქანა, რისი შეკეთებაც ვერ შეძლეს და ბ. ბ-მა სოფ. ...წაიყვანა თანსოფლელი ო. უ. ო. ამ უკანასკნელის ავტომანქანით, გაუმართავი ავტომანქანის ბუქსირით წაღების მიზნით. ავტომანქანების ბუქსირით ერთმანეთთან ჩაბმის შემდეგ ზემოხსენებულ პირებთან მივიდა სოფ. ... მცხოვრები, მთვრალი მირიან ბაღათრიშვილი, რომელმაც მათ დახმარება შესთავაზა. მ. ბ-მა ჯ. ბ-ს მოსთხოვა ავტომანქანის გასაღები მანქანის ასამუშავებლად, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა. აღნიშნულზე განაწყენებულმა მ.ბ-მა განიზრახა ჯ.ბ-სთვის სხეულის დაზიანების მიყენება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯიბიდან ამოიღო დანა, უკანა მხრიდან მივიდა ჯ.ბ-თან და დაარტყა ბეჭის არეში, რის შედეგადაც ჯ.ბ-მა მიიღო გულმკერდის მარჯვენა, უკანა კედლის ნაკვეთი, შემავალი ჭრილობა ნეკნთა შუა არტერიისა და ფილტვის დაზიანებით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზიანების ხარისხი შეფასდა როგორც სიცოცოხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. ჯ. ბ. ბ. ბ-მა და უ. ო-მ ავტომანქანით გადაიყვანეს თელავის რაისაავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს დროული სამედიცინო დახმარება.
მსჯავრდებული მ.ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თავისი ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 122-ე მუხლზე იმ მოტივით, რომ იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და გადააცილა მის ფარგლებს. შესაბამისად ითხოვს მის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენებას იმ მოტივებით, რომ ნასამართლევი არ არის, გულწრფელად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს ავადმყოფი მცირეწლოვანი შვილი.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ.მ. ითხოვს მ.ბაღათრიშვილის ქმედების სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას და მის მიმართ პირობითი სასჯელის შეფარდებას.
პროკურორი ა.ს. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მ.ბ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მ.ბაღათრიშვილის ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, რადგანაც საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ.ბაღათრიშვილმა ჯ.ბ-ს სხეულის დაზიანება ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.
განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ჯ.ბ-ს მხრიდან მ.ბ-ს ან სხვის მიმართ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას ან ასეთის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. დადგენილია, რომ მ.ბ-მა ჯ.ბ-ს მოსთხოვა ავტომანქანის გასაღები, ხოლო უარის მიღების შემდეგ ჯიბიდან ამოიღო დანა, უკანა მხრიდან მივიდა ჯ.ბ-თან და დაარტყა ბეჭის არეში, რის შედეგადაც ჯ.ბ-მა მიიღო გულმკერდის მარჯვენა, უკანა კედლის ნაკვეთი, შემავალი ჭრილობა ნეკნთა შუა არტერიისა და ფილტვის დაზიანებით, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და მ.ბ-ს ქმედება სწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, დაზარალებულს ნებაყოფლობით აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომელიც დაავადებულია რკინადეფიციტური ანემიით, _ თვლის, რომ მსჯავრდებულის გამოსწორება შეიძლება სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მ.ბ-ს მიმართ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება: დანიშნული სასჯელი, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ნოემბრის განაჩენი მ. ბ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დანიშნული სასჯელი, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი.
მსჯავრდებულ მ.ბ-ს დაევალოს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.