საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 24.10.2005
საქმის ნომერი
2კ-394აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.10.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 394-აპ 24 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ი. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 13 ივლისის განაჩენზე.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 მაისის განაჩენით, ი. ჭიკაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2004წ. იანვარში ი. ჭ-მ განიზრახა ქ. საგარეჯოში მდებარე, რ. ტ-ს ვენახის რკინის ბოძების ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რისთვისაც ექვს მწკრივზე დააზიანა ბოძებს შორის გაბმული მავთული და მიწიდან ამოიღო 2,4 მეტრის სიგრძის, 1450 კგ., რკინის 120 ე.წ. ხრახნილოვანი ბოძი. ნაქურდალი ე. ხ-ს და დ. შ-ს დახმარებით, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი დარწმუნდა, რომ ბოძები ი. ჭ-ს საკუთრება იყო, “მმზ-554” მარკის ავტომანქანით მიიტანა ... დასახლებაში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში და 166 ლარად ჩააბარა შპს “არესის” მენეჯერს _ ბ. მ-ს. 4 დეკემბერს ი. ჭ-მ კვლავ განიზრახა რ. ტ-ს ვენახიდან რკინის ბოძების ქურდობა, რისთვისაც ქ. თბილისში დაიქირავა “უაზის” მარკის ავტომანქანა. მის მფლობელს _ კ. ე-ს გაეცნო სხვა სახელითა და გვარით, მოატყუა და დაარწმუნა, რომ ქ. საგარეჯოდან თბილისში გადასატანი ჰქონდა საკუთარი რკინის ბოძები. ი. ჭ-მ ოთხ მწრივზე დააზიანა და მიწიდან ამოიღო 2,4 მეტრის სიგრძის, 28 მმ დიამეტრის, 1250 კგ 106 რკინის ე.წ. ხრახნილოვანი ბოძი, რომლებიც ავტომანქანით, რომელსაც მართავდა კ.ეფემიაშვილი მიიტანა ქ. თბილისში, ... მდებარე შპს “დამანის” ჯართის მიმღებ პუნქტში და კვალის დაფარვის მიზნით, სხვა სახელითა და გვარით 184 ლარად ჩააბარა. ამ ქმედებებით რ. ტ-ს მიადგა 2900 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2004წ. 12 დეკემბერს მსჯავრდებულმა განიზრახა ფარულად დაუფლებოდა ქ. საგარეჯოში მდებარე, ი. დ-ს ვენახის რკინის საყრდენ ბოძებს, რისთვისაც ხუთ მწკრივზე დააზიანა და მიწიდან ამოიღო 2,5 მეტრის სიგრძის, 32 მმ დიამეტრის, 1600 კგ., 123 რკინის ე.წ. ხრახნილოვანი ბოძი, რომლებიც კ. ე-ს ავტომანქანით მიიტანა შპს “დამანის” ჯართის მიმღებ პუნქტში და 240 ლარად ჩააბარა. დანაშაულის შედეგად ი. დ-ს მიადგა 1500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მთლიანობაში ი. ჭ-ს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულებს მიადგა 4400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მოპარული ბოძების დაზარალებულთათვის დაბრუნების შემდეგ ზარალმა შეადგინა 1950 ლარი.

ი. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 59-ე მუხლით, მიესაჯა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 31 დეკემბრიდან. მასვე რ. ტ-ს და ი. დ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1950 ლარის გადახდა.

ი. ჭ-მ განაჩენი გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მოითხოვა დაკისრებული თანხის ოდენობის შემცირება და სასჯელის შემსუბუქება.

სააპელაციო პალატის განაჩენით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რაიონული სასამართლოს განაჩენი გაუქმდა სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და დაზარალებულებს მიეცათ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის უფლება. ამასთან, ბრალდებიდან ამოირიცხა სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის სასჯელი, დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით ი. ჭ. ითხოვს პირობით გათავისუფლებას, უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის დანიშვნას ან სასჯელის ზომის 2 წლით შემცირებას შემდეგი მოტივებით:

განაჩენის დადგენისას არ იქნა გათვალისწინებული განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პირადი და ეკონომიკური პირობები, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, კერძოდ, დანაშაულის აღიარება, მონანიება და დაზარალებულთათვის მოპარული ნივთების დაბრუნება. დანაშაულის ჩადენა გამოწვეული იყო მძიმე ეკონომიკური პირობებით, ნათესავთა ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობით. მსჯავრდებული პირობას დებს, რომ გამოსწორდება.

ადვოკატმა ტ. კ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

პროკურორმა პ. მ-მ მიმოიხილა საქმეში არსებული მასალები, საჩივარს მხარი არ დაუჭირა და იშუამდგომლა ი. ჭ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გააანალიზა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ი. ჭ-სათვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა პასუხისმგებელობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ითხოვს პატიებას, აქვს მძიმე პირადი და ეკონომიკური პირობები. ი. ჭ. წარსულში ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, რის გამოც სასამართლომ მისი ქმედება განსაკუთრებით საშიშ რეციდივად მიიჩნია. ამის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის მიზნებს და მისი შემსუბუქების საფუძველი არ მოიპოვება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 13 ივლისის განაჩენი ი. ჭ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.