საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 25.01.2005
საქმის ნომერი
2კ-406აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 406-აპ 25 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა სახელმწიფო ბრალმდებელ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 ივლისის განაჩენით ი. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260 მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2003წ. 11 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის სოფ. კრწანისში დაკრიფა ველურად მზარდი კანაფის ფოთლები და ამ გზით უკანონოდ მოიპოვა 150 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება _ “ნედლი მარიხუანა”. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიტანა ცვლილება და დანიშნული სასჯელი სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირა ორი წლით.

პროკურორის საკასაციო საჩივარი უკანონოდ მიიჩნევს ი. გ-ს მიმართ სასჯელის შემცირებას, რის გამოც ითხოვს საოლქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ზ. ბ-მ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უდაოდ დადგენილია ი. გ-ს ბრალეულობა მასზე შერაცხულ დანაშაულში. გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.

რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ი. გ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი _ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა _ აშკარად მსუბუქია, საკასაციო პალატა არ იზიარებს. სააპელაციო სასამართლომ სავსებით კანონიერად დაასაბუთა ი. გ-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმზე ნაკლების დანიშვნა და დაადგინა სამართლიანი განაჩენი.

სახედობრ, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ ი. გ. ახალგაზრდაა, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, პირველად ედება ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, აქვს მძიმე ოჯახური და საყოფაცხოვრებო პირობები, ნარკოტიკული საშუალება _ ნედლი მარიხუანა, რომელიც მან დაკრიფა, ველურად იზრდება მინდვრებში და მისი რეალიზაციის მიზანი არ ჰქონია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია. ყოველივე ამის საწინააღმდეგოდ, პროკურორის საჩივარი ვერაფრით ასაუბთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უსაფუძვლობას და მხოლოდ ზოგადად მიუთითებს, რომ “დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი და შეუსაბამო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხთან და ხასიათთან”. პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო ი. გ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება ჩაითვალოს აშკარად მსუბუქად და უკანონოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განაჩენი ი. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. მისი გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.