საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 03.11.2005
საქმის ნომერი
2კ-468აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.11.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 468-აპ 3 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ დ. თ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ხონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 ივნისის განაჩენში მის მიმართ შევიდა ცვლილება.

აღწერილობითი ნაწილი:

ხონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 ივნისის განაჩენით დ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივლისის განაჩენით სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება. კერძოდ, დ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

განაჩენით დ. თ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:

დ.თავაძემ ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ; მანვე 2005წ. 26 იანვარს ხონის რაიონის სოფ. ... მცხოვრები მ. ს-ს კუთვნილი ვაზ-2106 მარკის ავტომანქანიდან ფარულად გაიტაცა აკუმულატორი, ღირებული 40 ლარად.

მსჯავრდებული დ. თ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ დ. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა სასჯელის შემსუბუქება. მან აღნიშნა, რომ დ. თ-ს ოჯახი განიცდის უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებას, ჰყავს მოხუცი, მარტოხელა, ავადმყოფი დედა.

პროკურორმა გ. ქ-მა დ. თ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებებით დ. თ-ს მიმართ მასზედ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.

რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. თ-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, საკასაციო პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნული მონაცემების გათვალისწინებით, დ. თ-ს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ დ. თ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.