განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 6-დად 25 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ა. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. Yყ-ს კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქსნის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება სასჯელის მოხდისაგან ა. თ-ის პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს 1997 წლის 3 ივნისის განაჩენით ა. თ-ს საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილით, 243-ე მუხლის III ნაწილით სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა მოუხდელი სასჯელის ნაწილიდან 2 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 1994 წლის 14 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 15 აგვისტოს განკარგულებით ა. თ-ს სასჯელი შეუმცირდა 1 წლითა და 8 თვით და განესაზღვრა 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქსნის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება ა. თ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ადვოკატი ითხოვს ა. თ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას. იგი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, ჰყავს მეუღლე და ერთი არასრულწლოვანი შვილი, დაავადებულია ტუბერკულოზით, დგას გამოსწორების გზაზე და, მიუხედავად ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებაზე.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. Yყ-მა ითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. ღ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 დეკემბრის დადგენილება ა. თ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულის პირადი საქმიდან და წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ა. თ- სასჯელს იხდის 1994 წლის 14 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 15 აგვისტოს განკარგულებით ა. თ-ს სასჯელი შეუმცირდა 1 წლითა და 8 თვით და მოსახდელად დარჩა 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მან სასჯელის სამი მეოთხედი, რაც მისი პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველია, მოიხადა 2004 წლის 14 მაისს.
ქსნის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ა. თ-ს ახასიათებს დადებითად. დახასიათებაში აღნიშნულია, რომ იგი წახალისებულია 2-ჯერ, აქვს ოჯახი, ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი, დაავადებულია ტუბერკულოზით, ქრონიკული ჰეპატიტით, მწვავე შარდ-კენჭოვანი დაავადებით, მიოკარდიოდისტროფიით. იგი მტკიცად დგას გამოსწორების გზაზე.
პალატა ითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებებს და შესაძლებლად თვლის, რომ ა. თ-ი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, სსკ-ის 72-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულის ადვოკატის მ. Yყ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 დეკემბრის დადგენილება გაუქმდეს.
ა. თ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.