საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 27.01.2005
საქმის ნომერი
2კ-9დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 9-დად 27 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ ო. ზ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც მას უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

კასპის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 5 მაისის განაჩენით ო. ზ. მსჯავრდებულია საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისჯილი აქვს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე განაჩენით ის ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად, სასჯელს იხდის 1999 წლის 28 იანვრიდან. შეფარდებული სასჯელის ორი მესამედი მოიხადა 2004 წლის 28 მაისს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის დადგენილებით მას უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლებაზე. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მისი ვადამდე განთავისუფლების შესახებ განმეორებით რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარდიგნება შეტანილ იქნა 2004 წლის 28 დეკემბერს, მაგრამ სასამართლომ ამჯერადაც არ დააკმაყოფილა წარდგინება იმ მოტივით, რომ ო. ზ. წარსულში ოთხჯერ არის ნასამართლევი, ცნობილია განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად და მოსახდელად დარჩენილი აქვს სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი _ 2 წელი და 29 დღე.

მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივარი სასამართლოს ზემოაღნიშნულ დადგენილებას მიიჩნევს უკანონოდ და ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა მსჯავრდებულის საჩივარს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ო. ზ-ეს ხანდაზმულობით გაქარწყლებული აქვს წინა ოთხივე ნასამართლობა. უკანასკნელად ის მსჯავრდებულ იქნა საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით, მიესაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც შეესაბამება ძველი კოდექსის 243-ე მუხლის მეორე ნაწილს, სასჯელის მაქსიმალურ ღონისძიებად შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, ახალი კოდექსი საერთოდ არ ცნობს განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის ცნებას. ამდენად, კასპის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 5 მაისის განაჩენი ო. ზ-ის მიმართ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სისხლის სამართლის ახალ კანონმდებლობასთან, სახელდობრ: 1960 წლის სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილის ნაცვლად ო. ზ-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ახალი სსკ-ის 184-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის ღონისძიებად განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ღონისძება _ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს ო. ზ-ს განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობა. განაჩენის ზემოაღნიშნული წესით ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ დღეის მდგომარეობით ო. ზ-ს მოუხდელი რჩება შეფარდებული სასჯელიდან მხოლოდ ერთი წელი და ერთი დღე.

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ო. ზ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია დადებითად ახასიათებს და მეორედ წარადგინეს ვადამდე პირობით განთავისუფლებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე და 593-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ო. ზ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2004 წლის 29 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება სასჯელის მოხდისაგან ო. ზ-ს ვადამდე პირობით განთავისუფლების შესახებ.

კასპის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 5 მაისის განაჩენი შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილთან და ო. ზ-ს სასჯელის ღონისძიებად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე განაჩენიდან ამოირიცხოს ო. ზ-ს განსაკთურებით საშიშ რეციდივისტად ცნობა.

დაკმაყოფილდეს რუსთავის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება და ო. ზ. ერთი წლითა და ერთი დღით ვადამდე ადრე პირობით გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.

ო. ზ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.