საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 04.05.2005
საქმის ნომერი
2კ-140დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 140-დად 4 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა პროკურორ დ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული მ. ხ-ე სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე.

აღწერილობითი ნაწილი:

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენით მ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 თვე და საბოლოოდ შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 17 აპრილიდან.

წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 22 მარტის დადგენილებით დააკმაყოფილა სასჯელაღსრულების ¹.... დაწესებულების წარდგინება და მსჯავრდებული მ. ხ. სასჯელის მოხდისაგან გაათავისუფლა პირობით ვადამდე _ 25 დღით ადრე.

კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი დ. ხ-. ითხოვს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილების გაუქმებას მ. ხ-ის მიმართ და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას. პროკურორს ნაადრევად მიაჩნია მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება იმ მოტივით, რომ იგი წარსულში ნასამართლევია ქურდობისათვის.

პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

როგორც წარმოდგენილი მასალებიდან და მსჯავრდებულის პირადი საქმიდან ირკვევა, მ. ხ-ს მოხდილი ჰქონდა სასჯელის ორი მესამედი, რაც სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების ერთ-ერთი პირობაა. მას მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა 25 დღე. მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულება ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ რეჟიმის დარღვევები არ ჰქონია. იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის იძულებით გადაადგილებული პირი, კმაყოფაზე ჰყავს მარტოხელა დედა.

პალატა თვლის, რომ ასეთ პირობებში წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს საკმაო საფუძველი გააჩნდა მ. ხ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის.

პალატა თვლის, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილება მ. ხ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ კანონიერია და, ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, სსკ-ის 72-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილება მ. ხ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.