შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 146-დად 4 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ ს. Dდ-ის კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. დ. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც სასაჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მას დანიშნული სასჯელის მოხდა უმთავრდება 2005 წლის 6 ივლისს, ხოლო სასჯელის 3/4 ნაწილი მოიხადა 2005 წლის 9 აპრილს.
მსჯავრდებული ს. Dდ-ი 2004 წლის 8 ივლისიდან სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹... საპყრობილეში. აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაცია მას ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ იგი იცავს რეჟიმის მოთხოვნებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და დგას გამოსწორების გზაზე.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ს. Dდ-ის ადვოკატმა ა. ნ-ემ შუამდგომლობით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ითხოვდა მსჯავრდებულ ს. დათუნაშვილის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას.
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა და, არ დააკმაყოფილა რა იგი, 2005 წლის 11 აპრილის დადგენილებით უარი უთხრა მსჯავრდებულ ს. Dდ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დგას გამოსწორების გზაზე და, მიუხედავად ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებაზე.
პალატის სხდომაზე განხილვისას გამოქვეყნდა კერძო საკასაციო საჩივრის შინაარსი და მოთხოვნა.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-ამ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის დადგენილება ს. Dდ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და ითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ს. Dდ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹... საპყრობილის ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებულ ს. Dდ-ის თაობაზე შედგენილ დახასიათებაში მოცემული გარემოებები სავსებით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებისას. მსჯავრდებულმა სასჯელის სამი მეოთხედი, რაც სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების აუცილებელი პირობაა, მოიხადა 2005 წლის 9 აპრილს. მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იგი იცავს რეჟიმის მოთხოვნებს, გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე. ამდენად, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილებაში მითითებულ მოტივებს, კერძოდ, იმას, რომ მას დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის საკმაოდ დიდი ნაწილი 3 თვე, რის გამოც მსჯავრდებულ ს. Dდ-ს უარი უნდა ეთქვას სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე, პალატა არ მიიჩნევს ჯეროვან და დასაბუთებულ საფუძვლად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის დადგენილება უნდა გაუქმდეს, ხოლო მსჯავრდებული ს. Dდ-ი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდეს ვადამდე პირობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს. დ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის დადგენილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹... საპყრობილის დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმდეს და მსჯავრდებული ს. Dდ. გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.