საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 05.05.2005
საქმის ნომერი
2კ-153დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 153-დად 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ დ.ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული გ. ჩ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენით გ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებულ გ.ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 2 ივლისიდან.

2005 წლის 9 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ გ. ჩ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა ¹.. .დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება და მსჯავრდებული გ. ჩ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი დ.ფ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს გ.ჩ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ გ.ჩ-მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულები და შეფარდებული სასჯელიდან მოიხადა მხოლოდ 8 თვე და 20 დღე.

პროკურორი ო.რ. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით გ. ჩ-ს მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდიდა 2004 წლის 2 ივლისიდან. მას დანიშნული სასჯელიდან მოსახდელი დარჩა 3 თვე და 10 დღე.

გ.ჩ-ს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 2/3 მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... დაწესებულების ადმინისტრაცია გ.ჩ-ს ახასიათებს დადებითად. იგი აღნიშნულ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2005 წლის 26 იანვრიდან. დახასიათების თანახმად, გ.ჩ. არის წყნარი, მეგობრობს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა.

ზემოაღნიშნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გ.ჩ. ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს მოხუცი მშობლები და მცირეწლოვანი შვილი, დაავადებულია “ც” ჰეპატიტით, პირველადაა სამართალში, რაიონულმა სასამართლომ იგი პირობით ვადამდე გაათავისუფლა დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

პალატას მიაჩნია, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ გ. ჩ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული გ. ჩ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.