შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 180-დად 1 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც გ. ჩ-ს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 იანვრის განაჩენით გ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის I ნაწილით, ამავე მუხლის II ნაწილის “გ” და “დ” პუნქტებით, 363-ე მუხლის II ნაწილით, რისთვისაც მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 მაისის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 იანვრის განაჩენში, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის I ნაწილით შერაცხული ბრალდება გ. ჩ-ს ამოერიცხა განაჩენიდან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის “გ” და “დ” პუნქტებით, 363-ე მუხლის II ნაწილით განესაზღვრA3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული გ. ჩ. სასჯელს იხდის 2003 წლის 2 აპრილიდან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹... საპყრობილის დირექტორმა 2005 წლის 7 აპრილს წარდგინებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ გ. ჩ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა თბილისის ¹... საპყრობილის დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებულ გ. ჩ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
მსჯავრდებული გ. ჩ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივებით, რომ სასჯელის 2/3 მოიხადა 2005 წლის 2 აპრილს, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, წახალისებულია ერთხელ, დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად.
პროკურორი ი. დ. არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული გ. ჩ. სასჯელს იხდის 2003 წლის 2 აპრილიდან. დღეისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 2/3, რაც საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად; სასჯელის მოხდის პერიოდში რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა, ერთხელ გამოცხადებული აქვს მადლობა. პალატა აგრეთვე მხედველობაში იღებს მის მძიმე ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ: მისი მეუღლე არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც არა აქვს ორივე ქვედა კიდური და ფსიქიკურად დაავადებულია; ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ჩ-ის გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის, რომ გ. ჩ. პირობით ვადამდე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ჩ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის დადგენილება და მსჯავრდებული გ. ჩ.ი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.