შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 197-დად 1 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჭ-ს დამცველის, ადვოკატ ც. Bბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სასჯელაღსრულების ¹... დაწესებულების დირექტორის წარდგინება ბ. ჭ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 23 მაისის განაჩენით ბ. ჭ.. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით, 238-ე მუხლის მეორე, მეოთხე, მეექვსე ნაწილებით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით ბ. ჭ-ეს, ნაცვლად გაძლიერებულისა, სასჯელის მოხდა განესაზღვრა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ბ. ჭ. სასჯელს იხდის 1996 წლის 30 დეკემბრიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2007 წლის 30 დეკემბერს.
2005 წლის 6 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ¹... დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ბ. ჭ-ს სასჯელის მოხდისაგან პრობით ვადამდე განთავისუფლება.
წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 19 აპრილის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა.
ადვოკატი ც. Bბ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და მსჯავრდებულ ბ. ჭ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
ადვოკატი ც. Bბ. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს.
პროკურორმა ი. დ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ბ. ჭ-ს მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის სამი მეოთხედი _ 8 წელზე მეტი, ადმინისტრაციის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, იგი კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, მეგობრობს დადებითი ორიენტაციის მქონე მსჯავრდებულებთან, სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ სამჯერ გაიცა დადებითი დახასიათება, იგი დასჯილი არ ყოფილა, წახალისებულია ერთხელ და ოცდამეერთე საუკუნის დადგომასთან დაკავშირებით გამოეცხადა მადლობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგინების განხილვისას გეგუთის ¹.... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილემ _ თ. ჯ-ემ მხარი დაუჭირა წარდგინებას და მსჯავრდებული ბ. ჭ. დადებითად დაახასიათა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბ. ჭ-ის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე, 610-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ბ. ჭ-.ს სასჯელის მოხდისაგან პირიბით ვადამდე განთავისუფლებაზე უარი ეთქვა, გაუქმდეს. ბ. ჭ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.