საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 370-დად 19 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ა. ი-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ ა. ი-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ა. ი-ნს საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1994 წლის 25 მარტიდან.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. ი. ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ სასჯელის სამი მეოთხედი მოხდილი აქვს, ხასიათდება დადებითად, დაავადებულია ტუბერკულოზით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებაზე.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივლისის დადგენილება ა. ი-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულის პირადი საქმიდან და წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ა. ი. სასჯელს იხდის 1994 წლის 25 მარტიდან, სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2005 წლის 25 ივნისს, ამჟამად მოსახდელად დარჩენილი აქვს სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი _ 3 წელსა და 6 თვეზე მეტი. რეჟიმის დარღვევისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დასჯილია ცამეტჯერ.
სასამართლომ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების წარდგინება ა. ი-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მას ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და მოსახდელად დარჩენილი აქვს სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.
პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივლისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების წარდგინება ა. ი-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივლისის დადგენილება ა. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.