განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 05.12.2005
საქმის ნომერი
2კ-470დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 470-დად 5 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის _ დ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹...-ე დაწესებულების დირექტორის წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულ ვ. ც-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის განაჩენით, ვ. ც- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 13 სექტემბრიდან.

2005 წლის 23 სექტემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹...ე დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა ვ. ც-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მოიხადა სასჯელის ნახევარი, წახალისებულია, გამოირჩევა სანიმუშო ყოფაქცევით, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს მსჯავრდებულებთან, რომლებიც დგანან გამოსწორების გზაზე.

სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით, წარდგინება დაკმაყოფილდა.

პროკურორი დ. ფ კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ ვ. ც ორჯერაა ნასამართლევი იარაღის უკანონო ტარების და სხეულის განზრახ დაზიანებისათვის, რისთვისაც მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადაზე ადრე და, ამის მიუხედავად, კვლავ ჩაიდინა დანაშაული. ვ. ც- არაა გამოსწორებული და მისი გათავისულება ნაადრევია. პირადი საქმის მასალების მიხედვით, არ არსებობს ვ. ც-ის სასჯელის მოხდისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლებისათვის რაიმე შემამსუბუქებელი გარემოება.

სასამართლო პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-ამ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს.

პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნევს, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება ვ. ც-ს მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდისაგან პირი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. სასამართლომ დააკმაყოფილა რა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება ვ. ც-ის მიმართ, მიუთითა, რომ იგი ხასიათდება დადებითად. დადებითი დახასიათება კი ყოველთვის არ შეიძლება გახდეს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველი. სასამართლოს სათანადოდ უნდა გამოეკვლია მსჯავრდებულის პიროვნება. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვ. ც-ძე წარსულში ორჯერაა ნასამართლევი. სასჯელის მოხდისაგან ბოლოს პირობით ვადამდე გათავისუფლდა 2001 წელს და, ამის მიუხედავად, კვლავ ჩაიდინა დანაშაული. აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ არაერთი ნასამართლობის მიუხედავად, ვ. ც-ძე არ გამოსწორდა. სასამართლომ ამ გარემოებას არ მიაქცია სათანადო ყურადღება, სრულყოფილად არ გამოიკვლია ვ. ც-ის პიროვნება, რის გამოც დადგენილება მის მიმართ არაა სათანადოდ დასაბუთებული. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება, რის შემდეგ მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება ვ. ც-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ და საქმე ხელახლა გ-დ გადაცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.