საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 471-დად 5 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის _ დ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹...-ე დაწესებულების დირექტორის წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულ ვ. კ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის განაჩენით, ვ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 14 იანვრიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, ვ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2005 წლის 23 სექტემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹...-ე დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა ვ. კ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მოიხადა სასჯელის ორი მესამედი, წახალისებულია, გამოირჩევა სანიმუშო ყოფაქცევით, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს მსჯავრდებულებთან, რომლებიც დგანან გამოსწორების გზაზე.
სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით, წარდგინება დაკმაყოფილდა.
პროკურორი დ. ფორჩხიძე კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ ვ. კ-მა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელიდან მოსახდელი აქვს 1 წელი, 8 თვე და 20 დღე. მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მოსახდელი სასჯელის ვადის გათვალისწინებით, არ არის მიღწეული სასჯელის მიზნები. ვ. კ-ი არაა გამოსწორებული და მისი გათავისულება ნაადრევია. პირადი საქმის მასალების მიხედვით, არ არსებობს მისი სასჯელის მოხდისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლებისათვის რაიმე შემამსუბუქებელი გარემოება.
პალატის სხდომაზე მონაწილე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნევს, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ვ. კ-ი სასჯელს იხდის 2003 წლის 14 იანვრიდან. დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული აშკარად დგას გამოსწორების გზაზე, ხასიათდება დადებითად, გამოირჩევა სანიმუშო ყოფაქცევით, ემორჩილება სასჯელის მოხდის რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს მშობლები, ¹...-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის 2005 წლის 1 ივლისის ბრძანებით, გამოეცხადა მადლობა. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ მისი რესოციალიზაციისათვის აღარაა აუცილებელი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის სრულად მოხდა. საქართველოს სსკ-ის 98-ე მუხლის “გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ. კ-ს მოხდილი აქვს სასჯელის ორი მესამედი, რაც სავსებით საკმარისად უნდა იქნეს მიჩნეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს კანონიერი საფუძველი გააჩნდა მსჯავრდებულ ვ. კ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის და მის მიმართ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება ვ. კ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.