საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 05.12.2005
საქმის ნომერი
2კ-472დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.12.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 472-დად 5 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის _ დ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹...-ე დაწესებულების დირექტორის წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულ გ. გ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 იანვრის განაჩენით, გ. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 20 სექტემბრიდან.

2005 წლის 23 სექტემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹...ე დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა გ. გ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მოიხადა სასჯელის ორი მესამედი, წახალისებულია, გამოირჩევა სანიმუშო ყოფაქცევით, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს მსჯავრდებულებთან, რომლებიც დგანან გამოსწორების გზაზე.

სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით, წარდგინება დაკმაყოფილდა.

პროკურორი დ. ფ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ გ. გ-მა ჩაიდინა მძიმე დანაშაული, რისთვისაც მიესაჯა კანონით დადგენილი სასჯელის მინიმუმი. ამ სასჯელიდან მსჯავრდებულმა მოიხადა მხოლოდ 2 წელი და 14 დღე. მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მოსახდელი სასჯელის ვადის გათვალისწინებით, არ არის მიღწეული სასჯელის მიზნები. გ. გ-ია არაა გამოსწორებული და მისი გათავისუფლება ნაადრევია. პირადი საქმის მასალების მიხედვით, არ არსებობს მისი სასჯელის მოხდისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლებისათვის რაიმე შემამსუბუქებელი გარემოება.

პალატის სხდომაზე მონაწილე პროკურორმა ო. რ-ამ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს.

პალატამ შეისწავლა, საქმის მასალები, მოუსმინა პროკურორს, გააანალიზა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. გ-ნი სასჯელს იხდის 2003 წლის 20 სექტემბრიდან, წარსულში არაა ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად. წახალისებულია _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹...-ე დაწესებულების დირექტორის 2005 წლის 31 მაისის ბრძანებით, გამოეცხადა მადლობა. გამოირჩევა სანიმუშო ყოფაქცევით, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ გ. გ-ის რესოციალიზაციისათვის აღარაა აუცილებელი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის სრულად მოხდა. საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მას მოხდილი აქვს ამ სასჯელის ორი მესამედი, რაც სავსებით საკმარისად უნდა იქნეს მიჩნეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს კანონიერი საფუძველი გააჩნდა მსჯავრდებულ გ. გ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის, რის გამოც მის მიმართ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება გ. გ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.