შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 490-დად 28 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ თ. Gგ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მისი პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 1995წ. 1 სექტემბრის განაჩენით თ. Gგ-ს საქართველოს 1960წ. სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის I, IV და VI პუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრება 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 1994წ. 22 აგვისტოდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 ნოემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ თ. Gგ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, არის გულით ავადმყოფი, დგას გამოსწორების გზაზე და, მიუხედავად ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებაზე.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ი. Dდ-მა კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 ნოემბრის დადგენილება თ. Gგ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულის პირადი საქმიდან და წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ თ. Gგ..... წლისაა, იგი სასჯელს იხდის 1994წ. 22 აგვისტოდან და სასჯელის სამი მეოთხედი, რაც პირობით ვადამდე განთავისუფლების აუცილებელი პირობაა, მოიხადა 2004წ. 7 ოქტომბერს, ამჟამად მოსახდელად დარჩენილი აქვს 3 წელი და 2 Gთვე, სასჯელის მოხდის პერიოდში 2-ჯერ გამოეცხადა მადლობა, სასჯელაღსრულების ადმინისტრაცია თ. Gგ-ს ახასიათებს დადებითად, დახასიათებაში აღნიშნულია, რომ იგი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და დგას გამოსწორების გზაზე.
პალატა ითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებებს და შესაძლებლად თვლის, რომ თ. Gგ.. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, სსკ-ის 72-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 ნოემბრის დადგენილება გაუქმდეს.
თ. გ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.