შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 524-დად 11 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ი. ზ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2004 წლის 17 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მისი (ი. ზ-ს) პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
საჩივარი ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და წარდგინების დაკმაყოფილებას.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 სექტემბრის განაჩენით ი. ზ-ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 91-ე მუხლის მეორე-მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹... განკარგულებით მას გაუნახევრდა მოუხდელი სასჯელი. სასჯელს იხდის 2002 წლის 8 დეკემბრიდან. იგი სასჯელის მოხდას ამთავრებს 2005 წლის 16 ნოემბერს. სასჯელის ორი მესამედი მოიხადა 2004 წლის 24 ნოემბერს. 2 დეკემბერს თბილისის ¹... საპყრობილის დირექტორმა წარდგინებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ი. ზ-ის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლება. წარდგინებას სასამართლო პროცესზე მხარი დაუჭირა პროკურორმა გ. მ-ა. მოსამართლემ წარდგინება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ “ამ ეტაპზე მიუღწევლად მიაჩნია სასჯელის მიზანი”.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. დ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო მოთხოვნას და იშუამდგომლა ი. ზ-ის ვადამდე პირობით განთავისუფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალები, გააანალიზა წარდგინების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
პირადი საქმის მასალების მიხედვით ნათლად ჩანს, რომ მსჯავრდებული ი. ზ-ი აშკარად დგას გამოსწორების გზაზე, სასჯელის მოხდის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩაება შრომაში, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პირველადაა მსჯავრდებული, გამოთქვა სურვილი, სასჯელის მოხდის პარალელურად მიიღოს უმაღლესი განათლება, შანიშნული არ ყოფილა სარეჟიმო მოთხოვნათა დარღვევაში, სანიმუშო ყოფაქცევისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა გამოუცხადა მადლობა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაუნახევრდა მოსახდელად დარჩენილი სასჯელი. ყოველივე ზემოაღნიშნული რაიონულმა სასამრათლომ ობიექტურად არ შეაფასა და გამოიტანა დაუსაბუთებელი დადგენილება სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებითა და 610-ე მუხლის პირველის ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ზ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2004 წლის 17 დეკემბრის დადგენილება და მსჯავრდებული ი. ზ-ი პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.
ი. ზ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი და მის მიმართ დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.