შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 12.01.2005
საქმის ნომერი
2კ-527დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 527-დად 12 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ი. ზ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 იანვრის განაჩენით ი. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებული ი.ზ-ძე სასჯელს იხდის 2002 წლის 27 ნოემბრიდან.

2004 წლის 6 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹... საპყრობილის დირექტორმა წარდგინებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ ი.ზ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულ ი. ზ-ეს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული ი.ზ-. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ დანიშნული სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი მოხდილი აქვს და დარჩენილი აქვს მხოლოდ 11 თვე.

პროკურორი ი.დ. მხარს უჭერს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული ი. ზ. სასჯელს იხდის 2002 წლის 27 ნოემბრიდან. შეფარდებული სასჯელის 2/3 მოიხადა 2004 წლის 27 ნოემბერს. ამდენად, მას, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 2/3 უკვე მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

მსჯავრდებულ ი.ზ-ეს დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად. კერძოდ, დახასიათებაში მითითებულია, რომ ი.ზ. სამუშაოდ მიმაგრებულია საამანათო განყოფილებაში; დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად; დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დასჯილი არ არის.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი.ზუმბულიძის გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის, რომ ი. ზ. პირობით ვადამდე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ი. ზ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული ი. ზ. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება შესასრულებლად გაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.