საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 04.05.2005
საქმის ნომერი
2კ-154დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 154-დად 4 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია(მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე

განიხილა გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ დ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული კ. კ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის განაჩენით კ. კ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებულ კ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 2 სექტემბრიდან.

2005წ. 9 მარტს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ კ. კ-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა ¹8 დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება და მსჯავრდებული კ. კ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი დ. ფ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს კ. კ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივებით, რომ ადრე ნასამართლევმა კ. კ-მ კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, რაც იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ იგი ბოლომდე არ არის გამოსწორებული და მისი პირობით ვადამდე განთავისუფლება სასჯელის მოხდისაგან ნაადრევია.

პროკურორი ო. რ. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით კ. კ-ს მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდიდა 2004წ. 2 სექტემბრიდან. მას დანიშნული სასჯელიდან მოსახდელი დარჩა 5 თვე და 10 დღე.

კ. კ-ს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 1/2 მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულების ადმინისტრაცია კ. კ-ს ახასიათებს დადებითად. იგი აღნიშნულ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2005წ. 17 თებერვლიდან. დახასიათების თანახმად, კ. კ. ჩადენილ დანაშაულს გრძნობს და ინანიებს, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნული გარემოებების, აგრეთვე ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებული კ. კ. პირობით ვადამდე გაათავისუფლა დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

პალატას მიაჩნია, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ კ. კ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული კ. კ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.