საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 156-დად 24 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე)
თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე
განიხილა გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ _ დ. ფ-ს საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილებაზე რომლითაც ო. ქ. გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობოთ ვადამდე.
აღწერილობითი ნაწილი:
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 იანვრის განაჩენით ო. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე და მიესაჯა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ო. ქ. სასჯელს იხდის 2004წ. 25 მაისიდან, სასჯელის მოხდის დასასრულია 2005წ. 25 ნოემბერი.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების ¹8 დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება ო. ქ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
საჩივრით პროკურორი დ. ფ. ითხოვს, გაუქმდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილება ო. ქ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ მას მოსახდელად დარჩა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესაბამისად ო. ქ. სასჯელს იხდის 2004წ. 25 მაისიდან. მას მოხდილი აქვს მთლიანი სასჯელიდან 9 თვე და 27 დღე, მოსახდელად დარჩენილი აქვს 8 თვე და 3 დღე. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი დასჯილი არ ყოფილა. კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის წახალისებულია ერთხელ, კერძოდ დაწესებულების ადმინისტრაციამ იგი წარადგინა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად. დახასიათების თანახმად, ო. ქ. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გამოირჩეოდა სანიმუშო ყოფაქცევით, სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, კონფლიქტურ სიტუაციაში შემჩნეული არ ყოფილა და დგას გამოსწორების გზაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და გააკეთა სწორი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ო. ქ-ს გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ დ. ფ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილება ო. ქ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.