საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 25-კოლ 15 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა პროკურორ ე. ტ-სა და ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 10 იანვრის განაჩენზე ზ. შ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 10 იანვრის განაჩენით ზ. შ-ს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 30 ივნისიდან.
განაჩენით ზ. შ-ს მსჯავრი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ. შ მუშაობდა გურჯაანის შს რაიონული სამმართველოს კაჭრეთის ქვეგანყოფილების უფროსად. 2003 წლის მაისში გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ გაიქურდა სოფ. ... მცხოვრები თ. ჯ-ს სახლი. 2003 წლის 15 მაისს თ. ჯ-მ აღნიშნულის შესახებ შეატყობინა ზ. შ-ს, რომელმაც დანაშაულის დამალვის მიზნით მისი განცხადება არ გაატარა რეგისტრაციაში და არც ზომები მიიღო დანაშაულის გახსნისათვის, რამაც დაზარალებულის კანონიერი ინტერესების არსებითი ზიანი გამოიწვია.
საკასაციო საჩივრით პროკურორი ე. ტ ითხოვს განაჩენის გაუქმებას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში დაბრუნებას.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ ითხოვს განაჩენის შეცვლას, მსჯავრდებულ ზ. შ-ს ქმედების სსკ-ის 342-ე მუხლით დაკვალიფიცირებას და სასჯელის შემცირებას მოხდილამდე.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. ქ-მ პროკურორ ე. ტ-ს საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ზ. შ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მ მოითხოვეს თავიანთი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
პალატა არ ეთანხმება ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივარს, რომ თითქოს მსჯავრდებულმა ზ. შ-მ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა და არა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ვინაიდან ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დაზარალებულ თ. ჯ-ს, მოწმეების _ ნ. ქ-ს, თ. მა-ს, გ. გ-ს ჩვენებებით ზ. შ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. პალატა ასევე არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივარს, სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, განაჩენის გაუქმების შესახებ.
სსსკ-ის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედებისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა. პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე ზ. შ-ს მიმართ სსკ-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით 1 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეტისმეტად მსუბუქად და აშკარად უსამართლოდ. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 10 იანვრის განაჩენი ზ. შ-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 10 იანვრის განაჩენი ზ. შ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.