განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 28.06.2005
საქმის ნომერი
2კ-29-I.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე თ ა

¹ 29-I 28 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის თანაშემწის _ ც. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 25 აპრილის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 25 აპრილის განჩინებით ა. ტ-სა და ო. დ-ს სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას.

საბრალდებო დასკვნით ა. ტ-ს ბრალად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის I ნაწილით, II ნაწილის “ა”, “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის I ნაწილითა და II ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის I და II ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

ო. დ-ს ბრალად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის I ნაწილით, II ნაწილის “ა”, “ბ”, “დ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის I ნაწილითა და II ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის I და II ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ა. ტ, ო. დ და გამოძიებით დაუდგენელი პირები წინასწარ შეთანხმდნენ, ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა უცხოური მარკის ავტომანქანებს, შემდეგ კი, დანაშაულის გაადვილების მიზნით, მათი მფლობელებისათვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მთვრალმა ა. ტ-მ და ო. დ-მ 2004წ. 16 მაისს, დაახლოებით 21,30 სთ-ზე, თბილისში, ალ. ყაზბეგისა და მ. თამარაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გააჩერეს გამსახურდიას გამზირისაკენ მიმავალი “ბმვ-ს” მარკის ტაქსი, რომელსაც მართავდა მოქალაქე ზ. ნ. ა. ტდა ო. დ ჩასხდნენ მანქანაში და ცეცხლსასროლი იარაღების მუქარით მოსთხოვეს მძღოლს ლისის ტბაზე ასვლა. დანიშნულების ადგილას მისვლისთანავე ი. ტ-მ და ო. დ-მ ზ. ნ-ს წებოვანი ლენტით, ე.წ. “სკოჩით” აუკრეს პირი, შეუკრეს ხელები, გადაიყვანეს ტყეში და მიაბეს ხეზე, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგ მანქანის საჭეს მიუჯდა ო. დ, გვერდით დაჯდა ა. ტ და წავიდნენ კასპის რაიონის სოფ. აღაიანში, ვინმე “ლაშხიასთან”, იგივე ი. ი-სთან, რომელსაც 1600 აშშ დოლარად დაუტოვეს აღნიშნული ავტომანქანა, ხოლო უკან დაბრუნდნენ “...” მარკის ავტომანქანით.

2004წ. 21 მაისს, დაახლოებით 21 საათზე, ა. ტ-მ და ო. დ-მ გამოძიებით დაუდგენელი პირ, ვინმე “ზაზასთან” და ახალგაზრდა გოგონასთან ერთად, მეტროს სადგურ “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს ა. მ-ს მართვის ქვეშ მყოფი, შპს “...” კუთვნილი “მერსედეს-ბენცის” მარკის ტაქსი, მოტყუებით აიყვანეს ნუცუბიძის პლატოს მე-4 მიკრორაიონში, სადაც გოგონა ჩამოვიდა, ხოლო ა. ტ-მ, ო. დ-მ და “ზაზამ” იარაღის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით აიძულეს მძღოლი, წასულიყო ლისის ტბის მიმართულებით. დანიშნულების ადგილზე მისვლისას მათ ა. მ-ს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით წაართვეს 150 ლარად ღირებული “სიმენს-ა35” ფირმის მობილური ტელეფონი და 52 ლარი, რის შემდეგ “სკოჩით” აუკრეს პირი, ხელები და მოათავსეს მანქანის საბარგულში, შემდეგ კი ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვეს და მიაბეს ხეზე. საჭესთან დაჯდა ო. დ, გვერდით _ ი. ტ, უკან კი _ “ზაზა” და გაემართნენ კასპის რაიონის სოფ. აღაიანში ი. ი-სთან. ნატახტრის საგუშაგოსთან ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას და დიდი სისწრაფით განაგრძეს გზა. სოფ. საქადაგიანოსთან ო. დ-მ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და შეეჯახა ბეტონის ღობეს, რის შემდეგ ა. ტ და ო. დ დააკავა პოლიციამ, ხოლო “ზაზამ” მოახერხა მიმალვა და თან წაიღო ო. დ-ს იარაღი, ა. მ-ს მობილური ტელეფონი “სიმენს-ა35” და 52 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 4 აპრილის განჩინებით ო. დ-სა და ა. ტ-ს ბრალდების საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნდა რაიონულ პროკურატურაში იმ საფუძვლით, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლო კოლეგიამ დაიწყო სასამართლო გამოძიება, გაირკვა, რომ გატაცებული “მერსედეს ბენცის” მარკის ავტომანქანა, რომელიც გატაცების შედეგად დაზიანდა, წარმოადგენდა შპს “...”-ის საკუთრებას, შპს “...” კი, როგორც დაზარალებული, საქმეში არ იყო ჩართული. ვინაიდან, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო გამოძიების დაწყების შემდეგ, პირველი ან სააპელაციო ინსტანციის წესით საქმის განხილვისას, დაზარალებულად ცნობისათვის საფუძვლის აღმოჩენის შემთხვევაში საქმე უნდა დაბრუნდეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, სასამართლო კოლეგიამ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა რაიონულ პროკურატურას.

პროკურორი ც. კ საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 25 აპრილის განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად შეაფასა თავის მიერვე დადგენილი გარემოებები. პროკურორის მითითებით, არასწორია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ შპს “...” არ იყო ცნობილი დაზარალებულად, ვინაიდან საქმეში არსებობს შპს “...”-ის ტრანსის დირექტორის წერილი, რომელიც მათი საზოგადოების ინტერესების წარმოდგენას წინასწარ გამოძიებაში ანდობს მძღოლ ა. მ-ს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს სამსახურიდან.

პროკურორმა ნ. ნ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

მსჯავრდებულ ა. ტ-ს ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა გ. ე-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ დამატებით გამოძიებაში დაბრუნება საქმის განხილვას გააჭიანურებს, რითაც დაირღვევა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლება საქმის გონივრულ ვადაში განხილვის თაობაზე.

მსჯავრდებულ ო. დ-ს ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა ვ. შ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ დამატებით გამოძიებაში დაბრუნება გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას, რითაც დაირღვევა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლება საქმის გონივრულ ვადაში განხილვის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ ნ. ნ-ს, ა. ტ-ს ინტერესების დამცველს, ადვოკატ გ. ე-ს, ო. დ-ს ინტერესების დამცველს, ადვოკატ ვ. შ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალების შესაბამისად, წინასწარ გამოძიებაში გამომძიებელი შპს “...” ტრანსის დირექტორს მიმართავს თხოვნით, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოადგინონ თავიანთი წარმომადგენელი, რის თაობაზეც შპს “...” ტრანსის დირექტორმა გამომძიებელს აცნობა, რომ საქმეში დაზარალებულად მათი სახელით მონაწილეობას მიიღებს მათი საზოგადოების მძღოლი ა. მ. ამდენად, უტყუარად არის დადგენილი, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად და მათი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად წარმოადგინა ა. მ. აღნიშნული წერილის მიღების შემდეგ გამომძიებელმა დადგენილებით დაზარალებულად ცნო ა. მ. მაგრამ გამომძიებელს არ გამოუტანია შპს “...” დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რაც პალატას არასწორად მიაჩნია, რადგან გამომძიებელს დადგენილებით დაზარალებულად უნდა ეცნო, როგორც ა. მ, ასევე _ შპს “...- ”, ვინაიდან საქმის მასალების შესაბამისად ზიანი მიადგა როგორც ა. მ-ს, ასევე _ შპს “...”, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენდა გატაცებული ავტომანქანა. სასამართლო სხდომაზე სასამართლო გამოძიების დაწყების შემდეგ დადგინდა, რომ ა. მ ამ პერიოდისათვის აღარ მუშაობდა შპს “...”-ში და უკვე აღარ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო შპს “...”-ის წარმომადგენელი, რის თაობაზეც იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ და ჩათვალა, რომ წინასწარი გამოძიების დროს დაირღვა საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნა, ვინაიდან გამომძიებელმა დაზარალებულად არ ცნო შპს “...”. პალატა თვლის, რომ, მართალია, წინასწარი გამოძიების დროს დაირღვა საპროცესო კოდექსის 68-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, დაზარალებულად ცნობის საფუძვლის არსებობისას გამომძიებელს, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილებით დაზარალებულად უნდა ეცნო შპს “...”, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გამხდარიყო საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან სასამართლო კოლეგიას შეეძლო და ვალდებულიც იყო, ეს საკითხი გამოეკვლია როგორც სამართალში მიცემის სტადიაზე, ასევე სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ეტაპზე, კერძოდ, საპროცესო კანონი პირდაპირ ავალდებულებს სასამართლოს სამართალში მიცემის სტადიაზე სამართლაში მიცემის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ შემოწმდეს საკითხი, იყო თუ არა წინასწარ გამოძიებაში საპროცესო ნორმების დაცვით წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი, მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლო კოლეგიამ იმსჯელა მხოლოდ საქმის განხილვის Dდღესა და ადგილზე და დანიშნა სასამართლო ძირითადი სხდომა, ასევე სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ეტაპზე სასამართლო კოლეგიას დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხისა და მათი წარმომადგენლის სასამართლოში მონაწილეობის საკითხის გარკვევისას უნდა გამოეკვლია დაზარალებულის სამოქალაქო მოსარჩელის სასამართლოში მონაწილეობის საკითხი, მით უფრო, რომ საქმეში არსებობს გამომძიებლის მიმართვა შპს “...” ტრანსის დირექტორის სახელზე, სადაც იგი სთხოვს მას, რომ გამოძიებაში სისხლის სამართლის საქმეზე წარმოადგინონ წარმომადგენელი, საქმეში არსებობს შპს “...” დირექტორის მიმართვა, რომელიც საქმეში მათი სახელით მონაწილეობის უფლებას ანიჭებს მძღოლ ა. მ-ს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განჩინება ა. ტ-სა და ო. დ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას. პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ეტაპზე, სასამართლო გამოძიების დაწყებამდე, კერძოდ, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხისა და მათი წარმომადგენლის სასამართლოში მონაწილეობის საკითხის გარკვევისას უნდა გამოარკვიოს, თუ ვინ წარმოადგენს დაზარალებულთა მხარეს და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ არსებობს საფუძველი პირის დაზარალებულად ცნობისათვის, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლოციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 24 აპრილის განჩინება ა. ტ-სა და ო. დ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.