განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 01.11.2005
საქმის ნომერი
2კ-37-I.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 371 1 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),ნ. გვენეტაძე

განიხილა განსასჯელ ნ. მ-ს დამცველის, ადვოკატ თ. ს-ს, აგრეთვე, განსასჯელების _ მ. მ-სა და გ. მ-ს დამცველების, ადვოკატების _ მ. კ-სა და ა. ჩ-ს კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. მ-ს, გ. მ-სა და მ. მ-ს საბრალდებო დასკვნის მიხედვით ბრალი დაედოთ დაზარალებულების _ ე. გ-სა და ა. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960წ. 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, გამოძალვაში, ე.ი. მოქალაქის პირადი ქონების გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლობლის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ან განმეორებით.

სისხლის სამართლის საქმე ნ. მ-ს, გ. მ-სა და მ. მ-ს მიმართ განსახილველად გადაეცა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, სასამართლო სხდომის მოსამზადებელ სტადიაზე, განსასჯელების _ გ. მ-სა და მ. მ-ს დამცველებმა, ადვოკატებმა _ ა. ჩ-მა და მ. კ-მ შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, საქმის წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაშვებული საპროცესო ნორმების უხეში დარღვევების გამო, მთელი რიგი მტკიცებულებებისა და ცალკეული საპროცესო აქტების დაუშვებლად ცნობის თაობაზე. სასამართლომ, განიხილა რა ადვოკატების შუამდგომლობა, 2005წ. 14 მარტს გამოიტანა დადგენილება, რომლითაც საქმეში არსებულ მტკიცებულებათა მნიშვნელოვანი ნაწილი ცნო დაუშვებლად, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ნ. მ-ს, გ. მ-სა და მ. მ-ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დაუბრუნა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

აღნიშნული სასამართლო დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-ს, გ. მ-სა და მ. მ-დამცველმა ადვოკატებმა _ ა. ჩ-მა და მ. კ-მ, ასევე ნ. მ-ს დამცველმა, ადვოკატმა თ. ს-მ. საჩივრებით ისინი ითხოვდნენ ამ დადგენილების გაუქმებას, აგრეთვე ხსენებული ბრალდებულების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე გამოტანილი დადგენილებისა და აღკვეთის ღონისძიებების გაუქმებას.

კერძო საკასაციო საჩივრები განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ, რა დროსაც, ჯერ კიდევ სასამართლო სხდომის მოსამზადებელ სტადიაზე, გ. მ-სა და მ. მ-ს დამცველებმა, ადვოკატებმა _ ა. ჩ-მა და მ. კ-მ შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც ითხოვდნენ წინასწარი გამოძიებისას მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე გამოტანილი დადგენილებებისა და საბრალდებო დასკვნის უკანონო საპროცესო აქტებად ცნობას.

პალატამ, განიხილა რა აღნიშნული შუამდგომლობა, 2005წ. 10 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლითაც ხსენებულ აპელანტებს უარი უთხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ იმავე განჩინებით გააუქმა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 14 მარტის დადგენილება ნ. მ-ს, გ. მ-სა და მ. მ-ს ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების თაობაზე, ხოლო ეს საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინების თაობაზე განსასჯელების _ ნ. მ-ს, გ. მ-სა და მ. მ-ს დამცველებმა, ადვოკატებმა _ თ. ს-მ, ა. ჩ-ა და მ. კ-მ კერძო საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. აღნიშნული საჩივრებით ისინი ითხოვდნენ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, აგრეთვე ნ, გ. და მ. მ-ების ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებებისა და მათ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების-გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილის გაუქმებას.

პალატის სხდომაზე განხილვისას განსასჯელებმა _ გ. მ-მ, მ. მ-მ და მათმა დაცველებმა, ადვოკატებმა _ ა. ჩ-მ და მ. კ-მ დააზუსტეს თავიანთი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასთან ერთად ისინი ითხოვენ მათი მარწმუნებლების ბრალდების საქმის იმავე სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად.

ანალოგიური დაზუსტებული მოთხოვნა წარმოადგინა ასევე განსასჯელ ნ. მ-ს დამცველმა, ადვოკატმა თ. ს-მ, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

დაზარალებულმა ე. გ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრებს და ითხოვა, რომ კასატორებს უარი ეთქვათ თავიანთი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

პროცესში მონაწილე პროკურორმა რ. ს-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრებს და ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ განსასჯელების _ ნ. მ-ს, გ. მ-სა და მ. მ-ს ბრალდების საქმეზე 2005წ. 10 ივნისს გამოტანილი განჩინება დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 461-ე მუხლის თანახმად, სასამართლო სხდომის მოსამზადებელ სტადიაზე შუამდგომლობა ამა თუ იმ საპროცესო დოკუმენტის უკანონოდ ცნობის თაობაზე არ განიხილება, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს თავისი განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უნდა დაედგინა კასატორთა მიერ დაყენებული შუამდგომლობის არა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ ასეთი შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, მით უმეტეს, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში სწორად მიუთითა დაყენებული შუამდგომლობის განხილვის შეუძლებლობის თაობაზე.

გააუქმა რა რაიონული სასამართლოს დადგენილება საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების თაობაზე, პალატამ ასეთი გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ის გარემოება, რომ კერძო სააპელაციო საჩივრების განხილვის დროს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულისათვის უფრო მძიმე ბრალდების წარდგენის შესახებ.

საკასაციო პალატა ასეთ დასაბუთებას ვერ დაეთანხმება, რადგან სისხლის სამართლის საქმე რაიონული სასამართლოს მიერ დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებული იყო იმ დროისათვის მოქმედ საპროცესო კანონთან შესაბამისობით, რაზედაც თვით სააპელაციო სასამართლოც მიუთითებს თავისი განჩინების სამოტივაციო ნაწილში. ის გარემოება, რომ საპროცესო კანონი შეიცვალა საქმის წარმოებისას, არ იწვევს წინათ მიღებული საპროცესო აქტებისა და გადაწყვეტილებების ავტომატურად გაუქმებას, რის გამოც სააპელაციო სასამართლო მოვალე იყო, არსებითად განეხილა კერძო საკასაციო საჩივრები, ხოლო ასეთი განხილვის შედეგების მიხედვით უნდა ემსჯელა და გადაეწყვიტა საკითხი რაიონული სასამართლოს მიერ საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების თაობაზე გამოტანილი დადგენილების კანონიერებისა და საფუძვლიანობის შესახებ. ამის ნაცვლად სააპელაციო სასამართლომ მოსამზადებელ სტადიაზევე საჩივრების ძირითად და არსებით საკითხზე ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია საკასაციო საჩივართა მოთხოვნები, რის გამოც მხარეებმა ვერ განახორციელეს თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დაუშვებელია.

აღნიშნულ გარემოებათა გამო საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005წ. 10 ივნისს განსასჯელების _ ნ. მ-ს, გ. მ-სა და მ. მ-ს ბრალდების საქმეზე გამოტანილი განჩინება უნდა გაუქმდეს და აღნიშნული საქმე მასზე შეტანილი კერძო სააპელაციო საჩივრების არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

ამავე დროს, პალატა თვლის, რომ კასატორებს უარი უნდა ეთქვას მათ მიერ კერძო საკასაციო საჩივრებში მითითებული ისეთი მოთხოვნის არსებით განხილვაზე, როგორიცაა საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიღებული ცალკეული საპროცესო აქტისა და განსასჯელთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების გაუქმებაზე, რადგან მათი განხილვა და გადაწყვიტა სცდება საკასაციო განხილვის ფარგლებს და ისინი უნდა გადაწყდეს კერძო სააპელაციო საჩივრების არსებითი განხილვისას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

განსასჯელების _ გ. მ-სა და მ. მ-ს დამცველების, ადვოკატების _ ა. ჩ-სა და მ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

განსასჯელ ნ. მ-ს დამცველის, ადვოკატ თ. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინება განსასჯელების _ ნ. მ-ს, გ. მ-სა და მ. მ-ს ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე განსასჯელების _ ნ. მ-ს, გ. მ-სა და მ. მ-ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მათი დამცველების მიერ შეტანილი კერძო სააპელაციო საჩივრების განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

კასატორებს ამ ეტაპზე უარი ეთქვას მათი საჩივრის იმ ნაწილის განხილვაზე, რომლითაც ისინი ითხოვენ განსასჯელების _ ნ. მ-ს, გ. მ-სა და მ. მ-ს ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე გამოტანილი დადგენილებებისა და მათ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების _ გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილის გაუქმებას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.