საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 128-აპ 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურორის თანაშემწე ვ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 მარტის განაჩენზე, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 დეკემბრის განაჩენში ნ. ფ-ს მიმართ შევიდა ცვლილება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ნ. ფ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 მარტის განაჩენით სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება. კერძოდ, მსჯავრდებულ ნ. ფ-ს დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
განაჩენით ნ. ფ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2004 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 18 საათზე, იგი ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტიდან ქვეითად მიემართებოდა რა თავისი საცხოვრებელი ბინისაკენ, ... ქუჩაზე შენიშნა მის წინ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიმავალი მ. და ს. ჯ-ები. ს. ჯ-ს ყელზე ეკეთა 400 ლარად ღირებული ოქროს ძეწკვი ჯვრით, რაც ნ. ფ-მ შეამჩნია და გადაწყვიტა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა მას. ამ მიზნით აედევნა მათ უკან. შანიძის ქუჩის პირველ ჩიხთან მიახლოებისას იგი დაეწია ს. ჯ-ს და ჩამოაგლიჯა ოქროს ძეწკვი ჯვრით, რითაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. ამის შემდეგ ნ. ფ გაიქცა შანიძის ქუჩის პირველი ჩიხის მიმართულებით, მაგრამ იგი შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, დაედევნენ ნ. ფ-ს და შეძლეს მისი დაკავება. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მას მარჯვენა ხელში აღმოაჩნდა ს. ჯ-სათვის წართმეული ოქროს ძეწკვი, ოქროს ჯვარი კი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა, რის შემდეგაც ნ. ფ წარადგინეს პოლიციის ¹2 განყოფილებაში.
ქუთაისის რაიონული პროკურორის თანაშემწე ვ. კ საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის, როგორც ლმობიერის, გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ლ. ქ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. თ-მ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით სავსებით დადგენი.ნ. ფ-ს ბრალეულობა მასზე შერაცხულ დანაშაულში. გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.
რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ. ფ-სათვის განსაზღვრული სასჯელი აშკარად მსუბუქია, საკასაციო პალატა არ იზიარებს.სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ ნ. ფ არასრულწლოვანია, პირველად ედება ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ზიანი ანაზღაურებულია და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მისი ოჯახი განიცდის უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია. საკასაციო პალატა თვლის, რომ, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, ნ. ფ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება ჩაითვალოს აშკარად მსუბუქად და უკანონოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 მარტის განაჩენი ნ. ფ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.