განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 21.06.2005
საქმის ნომერი
2კ-182დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 182-დად 21 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე,ნ. გვენეტაძე

განიხილა გორის რაიონული პროკურორის _ მ. ც-ს საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა გორის რაიონული პროკურატურის თანაშემწის _ გ. გ-ს 2004წ. 18 აგვისტოს დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 6 აპრილს სს “...” დირექტორმა ე. კ-მ დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებით მიმართა გორის რაიონულ პროკურატურას. განმცხადებელი დანაშაულის ჩადენაში ამხელდა შპს “... ” და ქონების მართვის გორის სამმართველოს თანამშრომლებს. ჩატარებული შემოწმების შედეგად გორის რაიონულმა პროკურატურამ 2004წ. 19 აპრილს გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება. აღნიშნული დადგენილება დაინტერესებულ პირთა საჩივრის საფუძველზე გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 ივლისის დადგენილებით და საქმის მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა გორის რაიონულ პროკურატურას. გორის რაიონულმა პროკურატურამ 2004წ. 18 აგვისტოს კვლავ გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება.

გორის რაიონულმა სასამართლომ 2005წ. 24 თებერვლის დადგენილებით გააუქმა გორის რაიონული პროკურატურის დადგენილება სს საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

გორის რაიონული პროკურორი გ. ც საჩივრით ითხოვს რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის დადგენილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს. პროკურორის განმარტებით, საქმეში არსებობს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი. ს-ს 2000წ. 5 იანვრის გადაწყვეტილება, რითაც ქონების მართვის გორის სამმართველოს დაევალა ქ. გორში, ... მდებარე შენობა მთლიანად, პირდაპირი შესყიდვის უფლებით, მიჰყიდოს მოსარჩელეს _ გორის კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის კოლექტივს. ამავე მასალებში არსებობს სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისადაც, გორის “დერმატო-ვენეროლოგიური” დისპანსერის კოლექტივს აღუდგა უფლება, პირდაპირი შესყიდვით ქ. გორში, ... მდებარე შენობის პრივატიზაციის შესახებ.

პროკურორის მითითებით, არსებობს მრავალი დოკუმენტი, რომლებიც მიუთითებენ შპს “...” საკუთრების უფლებით, ქ. გორში, ... მდებარე შენობის პრივატიზაციის კანონიერების შესახებ.

პროკურორის განმარტებით, პროკურორის თანაშემწე გ. გ-ს მიერ გამოტანილ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებას საფუძვლად დაედო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის _ ი. ს-ს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, ამიტომ მოსამართლე ქ. ს-ს უფლება არ ჰქონდა, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე ემსჯელა გორის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ გ. გ-ს მიერ გამოტანილი დადგენილების კანონიერებაზე.

პროკურორმა ი. დ-მ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ მოტივით, რომ მოსამართლემ საჩივარი განიხილა საპროცესო კანონმდებლობის დადგენილი წესის დარღვევით, კერძოდ, მოსამართლემ ისე განიხილა საქმის მასალები, რომ მხარეთათვის არ უცნობებია საჩივრის განხილვის დრო და ადგილი. საქმის განხილვას არ ესწრებოდა პროკურორი, რომლის მონაწილეობა საქმის განხილვაში, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა და ითხოვა აღნიშნული დადგენილების გაუქმება და საქმის მასალების დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორ ი. დ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებებით შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა თვლის, რომ, მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2005წ. 25 მარტის კანონით შეტანილი ცვლილების შესაბამისად, რომელიც ამოქმედდა ამავე წლის 3 მაისიდან, კანონი აღარ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ინსტიტუტს და, შესაბამისად, აღარ არსებობს მისი გასაჩივრების წესი, მაგრამ, ვინაიდან გორის რაიონულ პროკურორს 2005წ. 3 მაისამდე, ე.ი. საპროცესო ცვლილებების ძალაში შესვლამდე ჰქონდა საჩივარი შეტანილი სასამართლოს მიერ გამოტანილ დადგენილებაზე, აქედან გამომდინარე, საჩივარი განხილულ უნდა იქნეს.

საქმის მასალების შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ საჩივარი განიხილა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, რის თაობაზეც იმსჯელა დადგენილებაში და მიუთითა, რომ საჩივრის განხილვისას არ გამოცხადდნენ არც განმცხადებელი და არც პროკურორი, მიუხედავად კანონით დადგენილი წესით შეტყობინებისა. საქმის მასალების თანახმად, საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რითაც დადგინდებოდა, რომ მხარეებს სასამართლო უწყების, ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (ტელეფონი, შეტყობინება და ა. შ.) ეცნობათ საჩივრის განხილვის ადგილი, დღე და საათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მხარეებს არ მიეცათ შესაძლებლობა, გამოცხადებულიყვნენ სასამართლო სხდომაზე, გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები, დაეყენებინათ შუამდგომლობები, წარმოედგინათ სხვა მასალები, რითაც პალატა თვლის, რომ დაირღვა კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციის პირველი მუხლით გარანტირებული უფლება სასამართლოს მიერ მათ სამართლიან და საჯარო მოსმენაზე. გარდა აღნიშნულისა, რაიონულმა სასამართლომ საჩივარი განიხილა პროკურორის მონაწილეობის გარეშე, რაც ასევე საპროცესო კანონმდებლობის არსებით დარღვევას წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ქ. გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა გორის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ გ. გ-ს 2004წ. 16 აგვისტოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 243-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩივარი დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

გაუქმდეს ქ. გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა გორის რაიონული პროკურორის თანაშემწმის _ გ. გ-ს 2004წ. 16 აგვისტოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.