საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 08.11.2005
საქმის ნომერი
2კ-227აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.11.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 227-აპ 8 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს. ფ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 მაისის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 დეკემბრის განაჩენში უ. ა-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 დეკემბრის განაჩენით უ. ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 მაისის განაჩენით უ. ა-ს მიმართ მარნეულის რაიონული სასამართლოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: საქართველოს სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით უ. ა-ს ერთი მესამედით შეუმცირდა რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. რაიონული სასამართლოს განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენით უ. ა-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 6 მაისს უ. ა გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

უ. ა-მ კვლავ ჩაიდინა დანაშაული. 2004 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 18.00 საათზე, ქ. მარნეულში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, მარნეულის შს რაიგანყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს უ. აბ. მისი პირადი ჩხრეკისას მოკლესახელოიანი მაისურის წინა, მარჯვენა ჯიბეში აღმოჩნდა და ამოღებულ იქნა ერთი შეკვრა, 0,167 გრ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი”, რომელიც მან უკანონოდ შეიძინა და ინახავდა.

საკასაციო საჩივარში მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ს. ფ ითხოვს უ. ა-ს მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 მაისის განაჩენის გაუქმებას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა პ. მ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

მსჯავრდებულ უ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. ხ-მ და ლ. შ-მ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა უ. ა-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რის გამოც სასამართლო გამოძიება შეიკვეცა და პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 473-ე მუხლში მოცემული წესის შესაბამისად, უ. ა-ს შეფარდებული სასჯელი - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეუმცირა ერთი მესამედით; ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა უ. ა-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი შემდეგი გარემოებები: მსჯავრდებულმა გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, არის ახალგაზრდა, ჰყავს მძიმედ ავადმყოფი დედა, ნარკოტიკული საშუალება – 0,167გრ „ჰეროინი” უნდოდა პირადი მოხმარებისათვის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ უ. ა-სათვის დანიშნული 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა არ არის მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი და არ იზიარებს საკასაციო საჩივარს ამ მოტივით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 მაისის განაჩენი უ. ა-ს მიმართ კანონიერია, სამართლიანია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 მაისის განაჩენი უ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.