საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 13.10.2005
საქმის ნომერი
2კ-323აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 323-აპ 13 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 ივნისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 აპრილის განაჩენი კ. ბ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 აპრილის განაჩენით კ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 ივნისის განაჩენით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ კ. ბ-ს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა მსჯავრდებულს დაეწყო 2004 წლის 11 ოქტომბრიდან.

განაჩენით კ. ბ-ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების _ 0,446 გრამი “ჰეროინის” შეძენა-შენახვა- გადაზიდვისათვის.

საკასაციო საჩივრით პროკურორი ზ. კ ითხოვს განაჩენის გაუქმებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების მოტივით. მას მიაჩნია, რომ სასამართლომ კ. ბ-ს დაუნიშნა მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი, არ გაითვალისწინა რა დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი.

პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა რ. ს-მ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებული არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარს განაჩენის გაუქმების შესახებ, მისთვის სასჯელის დამძიმების მოთხოვნით. თავის მხრივ, მსჯავრდებულმა ითხოვა სასჯელის შემსუბუქება და აღნიშნა, რომ პალატამ მხედველობაში მიიღოს მის მიერ დანაშაულის მონანიება, მისი ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლინობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების მოტივით და კ. ბ-ს თხოვნა სასჯელის შემცირების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, თვით მსჯავრდებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ნივთმტკიცებით უდავოდაა დადასტურებული კ. ბ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. რაც შეეხება სასჯელის ზომას, პალატა თვლის, რომ იგი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის მონანიება, მისი დადებითად დახასიათება, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ იგი დაავადებულია ასთმით, ასევე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ ბრძოლებში, კ. ბ-ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მსუბუქი ან მკაცრი, შესაბამისად, აშკარად უსამართლო.

ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 ივნისის განაჩენი კ. ბ-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 ივნისის განაჩენი კ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.