საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 407-აპ 20 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულების _ ა. შ-ს, გ. ა-სა და ა. თ-ს საკასაციო საჩივრები აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 30 ივნისის განაჩენზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 14 მარტის განაჩენით ა. შ, გ. ა და ა. თ ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასვამმა ა. შ-მ, გ. ა-სა და ა. თ-სთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ძალადობით გაუწიეს წინააღმდეგობა პოლიციის მუშაკებს, არ დაემორჩილნენ კანონიერ მოწოდებას, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ისინი დააკავეს. ა. შ-ს ქმედება მიჩნეულ იქნა დანაშაულის რეციდივად და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო გ. ა-სა და ა. თ-ს _ 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. გ. ა-სა და ა. თ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალათ პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
პროკურორმა ტ. ნ-მ და მსჯავრდებულმა ა. შ-მ განაჩენი გაასაჩივრეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. პროკურორმა მოითხოვა გ. ა-სა და ა. თ-ს უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო ა. შ-მ კი _ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატის განაჩენით ა. შ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაზიარებულ იქნა პროკურორ ტ. ნ-ს მოთხოვნა, გ. ა-სა და ა. თ-ს მიესაჯათ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის ვადა აეთვალათ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მათი დაპატიმრების დღიდან.
საკასაციო საჩივრით ა. შ ითხოვს მის მიმართ საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ ქმედება არასწორადაა კვალიფიცირებული. პოლიციელთათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გ. ა-სა და ა. თ-სთან ერთად დანაშაული არ ჩაუდენია. ამ უკანასკნელს არც იცნობს და პირველად შს სამმართველოში იხილა. ინვალიდია, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ხანდაზმული მშობელი.
საკასაციო საჩივრებით გ. ა და ა. თ მოითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას ან სააპელაციო პალატის განაჩენით დადგენილი სასჯელის შემსუბუქებას შემდეგი მოტივებით:
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები, არ დამდგარა მძიმე შედეგი, ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და აქვთ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთან, არ არიან ნასამართლევი და ხასიათდებიან დადებითად.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. ნ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და იშუამდგომლა სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება.
მიუხედავად არაერთი შეტყობინებისა, მსჯავრდებულები _ გ. ა და ა. თ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი ა. შ-ს, გ. ა-სა და ა. თ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის ინიციატორად და უშუალო ამსრულებლად მიიჩნია ა. შ, ხოლო გ. ა-სა და ა. თ-ს ქმედება ჩათვალა მცირემნიშვნელოვნად, თუმცა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებში არ მიუთითა, ეს ქმედებები კონკრეტულად რაში გამოიხატა. გაუგებარია ა. შ-ს დანაშაულის უშუალო ამსრულებლად ცნობის მოტივი, რამდენადაც, განაჩენის მიხედვით, თანამონაწილეობას ადგილი არ ჰქონია და დანაშაული ჯგუფურადაა ჩადენილი. სააპელაციო პალატამაც იგივე გაიმეორა თავის განაჩენში და მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მაშინ, როდესაც ამგვარი არ მომხდარა. აღნიშნული ხარვეზები სააპელაციო პალატამ არ აღმოფხვრა. საქართველოს სსსკ-ის 508-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო. ამასთან, მითითებული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები. საქმეში არ მოიპოვება განაჩენი, რომლის საფუძველზეც ა. შ-ს ქმედება სასამართლომ დანაშაულის რეციდივად მიიჩნია.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დეტალურად უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები, მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს, რა ფაქტობრივი გარემოებები მიაჩნია დადგენილად. უნდა შეისწავლოს მსჯავრდებულთა პიროვნების მახასიათებელი მონაცემები, რის შემდეგ მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 30 ივნისის განაჩენი ა. შ-ს, გ. ა-ს, ა. თ-ს მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა ა. შ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.