საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 435-აპ 10 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი
განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივნისის განაჩენზე შ. მ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 დეკემბრის განაჩენით შ. მ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივნისის განაჩენით რაიონული სასამართლოს განაჩენში შევიდა ცვლილება: შ. მ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
შ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 18 ივნისიდან.
შ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004წ. 25 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფ. ...., შ. მ-ს საცხოვრებელ სახლში, მასთან ერთად ალკოჰოლური სასმელი დალიეს ს. ა-მ და ი. ბ-მ. დაახლოებით 18 საათზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ შ. მ-სა და ი. ბ-ს მოუვიდათ კამათი, რა დროსაც შ. მ-მ განიზრახა ი. ბ-ს მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან ი. ბ-ს თანნაქონი დანა დაარტყა მუცლის არეში, რითიც მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება – მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კუჭის წვრილი ნაწლავის დიდი ბადექონისა და განივი კოლინჯის ჯორჯლის დაზიანებებით, ასევე, მარცხენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირის არეში – მსუბუქი ხარისხის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მოშლა. შ. მ-მ განზრახვის სისრულში მოყვანა ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან გააშველეს და დანის შემდგომი დარტყმის შესაძლებლობა აღარ ჰქონია. დროული კვალიფიციური სამედიცინო ჩარევის შედეგად მოხერხდა ი. ბ-სათვის სიცოცხლის შენარჩუნება.
საკასაციო საჩივრით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ. ბ ითხოვს შ. მ-ს მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივნისის განაჩენის გაუქმებას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ შ. მ-ს უსაფუძვლოდ შეუმცირა რაიონული სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი 7 წლამდე, ასევე არასწორად გამოიყენა მის მიმართ სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
პალატის სხდომაზე პროკურორმა პ. მ-მ დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, იშუამდგომლა შ. მ-ს მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივნისის განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
მსჯავრდებულ შ. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ნ. გ-მა და მ. ა-მა მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია და თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა შ. მ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რის გამოც სასამართლო გამოძიება შეიკვეცა. სასამართლო პროცესის შეკვეცილი ფორმით ჩატარებას მხარი დაუჭირა სახელმწიფო ბრალმდებელმაც. ასეთ ვითარებაში სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა რა შ. მ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიც, კერძოდ ის, რომ მსჯავრდებულმა გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, არის ახალგაზრდა, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, მხედველობაში მიიღო აგრეთვე დაზარალებულ ი. ბ-ს პოზიციაც, რომ იგი შეურიგდა მსჯავრდებულს და ითხოვს მისთვის სასჯელის შემსუბუქებას, შ. მ-ს შეფარდებული სასჯელი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირა 7 წლამდე და, საქართველოს სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილში მოცემული წესის გამოყენებით, საბოლოოდ მოსახდელად განუსაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ შ. მ-მ ჩაიდინა დანაშაულის მცდელობა და არა დამთავრებული დანაშაული, პალატას მიაჩნია, რომ შ. მ-სათვის დანიშნული 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა არ არის მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი და არ იზიარებს საკასაციო საჩივარს ამ მოტივით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივნისის განაჩენი შ. მ-ს მიმართ კანონიერია, სამართლიანია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივნისის განაჩენი შ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.