საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 24.10.2005
საქმის ნომერი
2კ-440აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 440-აპ 24 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 ივლისის განაჩენზე ჯ. გ-ს მიმართ.

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის განაჩენით ჯ. გ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “დ", “ე" ქვეპუნქტებით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის ივნისში, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან ჯ. გ-მ პირადი მოხმარების მიზნით შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი", რასაც უკანონოდ ინახავდა. 16 ივნისს, დაახლოებით 11.35 საათზე იმყოფებოდა ქ. თბილისის ¹1 კლინიკურ საავადმყოფოში და გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციელებმა ჯ. გ-ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის უკანა მარცხენა ჯიბეში აღმოაჩნდა 0,15 გრ ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი". იგი დააკავეს. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ჯ. გ-ს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 16 ივნისიდან.

პროკურორმა ზ. ჯ-მ და მსჯავრდებულის ადვოკატმა ა. ტ-მ განაჩენი გაასაჩივრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. პროკურორმა მოითხოვა ჯ. გ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო ადვოკატმა კი _ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2005 წლის 21 ივნისის დადგენილებით საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 ივლისის განაჩენით პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაზიარებულ იქნა მსჯავრდებულის მოთხოვნა, ჯ. გ-ს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება მოეხსნა და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

საკასაციო საჩივრით პროკურორი ლ. ნითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას იმ მოტივით, რომ ჯ. გ-სათვის სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში არ იქნა მიღებული დამნაშავის პიროვნება და ჩადენილის ხასიათი. იგი მრავალჯერ ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთათვის და არ დაადგა გამოსწორების გზას. არ ინანიებს დანაშაულს და არ იყო გულწრფელი სასამართლოს წინაშე. ამდენად, დანიშნული სასჯელი აშკარად ლმობიერია.

სასამართლო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა რ. ს-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა პროკურორის პოზიცია, გააანალიზა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ჯ. გ II ჯგუფის ინვალიდი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. აქვს მძიმე პირადი და ეკონომიკური პირობები, გარდაეცვალა მშობელი და მცირეწლოვანი შვილი. მძიმე ავადმყოფობის გამო საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონარულ მკურნალობას. ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2005 წლის 7 მარტის ¹07/2005 დასკვნით, დაუდგინდა შემდეგი დაავადებები: მარჯვენამხრივი ტოტალური პიოპნევმოთორაქსი, მარჯვენა პლევრის რეციდიული ემპიემა, ფილტვის ქრონიკული აბსცესი, მარჯვენა ფილტვის ქვემოწილოვანი პნევმონია, მეტატუბერკულოზი, ენცეფალოპათია, “ცე" ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს კანონიერი საფუძველი გააჩნდა ჯ. გ-სათვის დაენიშნა კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 ივლისის განაჩენი ჯ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.