საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 485-აპ 15 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-სა და მსჯავრდებულ ნ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 ივლისის განაჩენი ნ. ა-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 ივლისის განაჩენით ნ. ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე განაჩენით ნ. ა-ს, როგორც ნარკომანს, დაენიშნა იძულებითი მკურნალობა სასჯელის მოხდის ადგილზე.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 11 აგვისტოს განაჩენით შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ნ. ა-ს, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
განაჩენით ნ. ა-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, რაც
გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 12 თებერვალს, Dდაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ნ. ა-მ სოფ. ..., გამოძიებით დაუდგენელი ვინმე “ფაიკასაგან“ 120 ლარად უკანონოდ შეიძინა 0,197 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა შარვლის ჯიბეში და
გადაჰქონდა გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. დაახლოებით 22 საათზე ნ. ა სოფელ კრწანისის ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა და თანამოწმეთა თანდასწრებით ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მას შარვლის წინა ჯიბიდან ამოუღეს ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული, 0,159 გრამი მოთეთრო ფერის ფხვნილი, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკულ ნივთიერება „ჰეროინს”, საერთო წონით _ 0,197 გრამი.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ნ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ჯ ითხოვს ნ. ა-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ ნ. ა მძიმედ არის დაავადებული. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, იგი დაავადებულია “-” ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით, რაც ღვიძლის მძიმე დაავადებაა და მიეკუთვნება განუკურნებელ დაავადებათა რიცხვს.
გარდა ამისა, კასატორი უთითებს, რომ ნ. ა ხასიათდება დადებითად, იგი სამართალში პირველადაა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს,თავადაა ნარკოტიკების მომხმარებელი და მისგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებაც განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისათვის. ასეთ ვითარებაში, ადვოკატის აზრით, სასამართლოს მსჯავრდებულ ნ. ა-ს მიმართ პირობითი მსჯავრი უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო საჩივრით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ. ბ ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის. საჩივარში მითითებულია, რომ ნ. ა-ს შეფარდებული აქვს მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი. კასატორის აზრით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ნ. ა-ს განუსაზღვრა რა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასამართლომ ვერ დაასაბუთა ამ მუხლის გამოყენების აუცილებლობა.
ადვოკატი ზ. ჯ მხარს უჭერს თავის საკასაციო საჩივარს.
პროკურორი ა. ს აზუსტებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, იგი შუამდგომლობს განაჩენის გაუქმებას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების
მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 ივლისის განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით ნ. ა-ს მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმების შესახებ.
სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ნ. ა-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი შემდეგი გარემოებები: ნ. ა პირველადაა სამართალში, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელს უწყობდა გამოძიებას; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, იგი დაავადებულია, მისი დიაგნოზია: “-” ჰეპატიტი, ნევროზული მდგომარეობა; პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ ნ. ა დაავადებულია ნარკომანიით და 0,195 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” განკუთვნილი ჰქონდა პირადი მოხმარებისათვის; ნ. ა-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოთ ჩამოთვლილი შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ სამართლიანად გამოიყენა სსკ-ის 55-ე მუხლი და ნ. ა-ს განუსაზღვრა მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები.
ამრიგად, პალატა თვლის, რომ ნ. ა-სათვის შეფარდებული 3 წლით თავისუფლების აღკვეთა არ არის მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი და ამ მოტივით განაჩენის გაუქმება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პალატა არ იზიარებს ასევე ადვოკატ ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის მოტივებს ნ. ა-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და ზემოთ მითითებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სწორად შეუმსუბუქა მას სასჯელი სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით. ამდენად, არ არსებობს სასჯელის კვლავ შემსუბუქების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 აგვისტოს განაჩენი ნ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.